ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი, წინა თვესთან შედარებით, 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 1.05 პროცენტული პუნქტით) შემცირდა და 37.75 პროცენტი შეადგინა.
სებ-ის მიხედვით, გასულ თვეში ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობაც შემცირდა.
,,არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71%-ით ნაკლებია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.66%-ით ნაკლები)’’, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.46%-ით შემცირდა). ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.41%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა.