სოციალური ქსელების პლატფორმა Instagram ოფიციალურად 10 წლისაა და პირველი ათწლეულის დასასრულს ახალი ფუნქციებით შეხვდება, რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებს, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან.
კომპანიის განცხადებით, პროგრამას დაემატება უფრო მეტი გაფრთხილება, რომელთა შორისაც ერთ-ერთს მიიღებს მომხმარებელი მაშინ, როდესაც შეეცდება ვინმესთვის დამამცირებელი კომენტარის დაწერას. უარყოფითი კომენტარების დაწერის პრევენციის მიზნით, თავდაპირველი გაფრთხილებისას მომხმარებელს პროგრამა სთავაზობს, კიდევ ერთხელ გადახედოს ტექსტის შინაარსს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი რამდენჯერმე დაარღვევს წესებს, ტექსტის ჩასწორების შეთავაზების ნაცვლად, შესაძლოა ანგარიშით სარგებლობა შეეზღუდოს.
აპლიკაციას ასევე დაუბრუნდება ე.წ Photo map ფუნქცია, რომელიც 2016 წელს გააუქმეს. აღნიშნული ფუნქციის დახმარებით, შესაძლებელი იყო გადაღებული ფოტოების ნახვა რუკაზე ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ ფუნქციის საბოლოო ვერსია ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან. საჯაროდ ხელმისაწვდომი რუკის ნაცვლად, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩნდებოდა, ამჯერად ინსტაგრამის Story Archive-ში იქნება შესაძლებელი მისი ნახვა.
ახალი რუკა იქნება პირადი, ამიტომ მომხმარებელი ვეღარ გამოიყენებს თავისი გამომწერებისთვის მოგზაურობის საჩვენებლად, თუმცა ეს სიახლე გაუხარდებათ იმ მომხმარებლებს, ვისაც აპლიკაციის ორიგინალი ვერსია ახსოვთ.