შოტლანდიაში ქალებისთვის მენსტრუაციის დროს აუცილებელი ჰიგიენური პროდუქტები უფასო გახდება. შოტლანდიის პარლამენტის წევრებმა ეს კანონპროექტი სამშაბათს ერთხმად მიიღეს. ამიერიდან ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივი მოვალეობაა, უზრუნველყონ, რომ ტამპონები და ჰიგიენური საფენები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც სჭირდება.
კანონპროექტი შოტლანდიის პარლამენტს მონიკა ლენონმა წარუდგინა. პარლამენტარი 2016 წლიდან უძღვება კამპანიას, რომლის მიზანიც გაჭირვებულთა ჰიგიენური პროდუქტებით მომარაგებაა.
მონიკა ლენონის თქმით, ეს კანონპროექტი „პრაქტიკული და პროგრესულია“ და კორონავირუსის პანდემიის გამო სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი შეიძინა. „მენსტრუაცია პანდემიების გამო არ წყდება, ტამპონების, საფენებისა და მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტების ხელმისაწვდომობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ Young Scot-ის 2000 რესპონდენტიდან ყოველ მეოთხეს ჰქონია ფინანსური პრობლემა მენსტრუაციის დროს ჰიგიენური პროდუქტების შეძენისას.
გარდა ფინანსური პრობლემისა, შოტლანდიის პარლამენტის მიერ შემოღებული კანონი მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტიგმასაც ამსხვრევს. მკვლევრების თქმით, ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს ეხებათ – აღმოჩნდა, რომ 14-21 წლის მოზარდების 71% თავს უხერხულად გრძნობს მენსტრუაციული პროდუქტების შეძენისას.