აშშ-ს მედიის უწყებით, ჯო ბაიდენმა სახაზინო დეპარტამენტის ლიდერობის კანდიდატად ჯანეტ იელენი დაასახელა. თუ სენატი მის კანდიდატურას დაეთანხმა, იელენი პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს.
74 წლის ეკონომისტი ჯანეტ იელენი ადრე მსახურობდა ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად და ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად. სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევენ 2007 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2014 წელს იელენი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბენ ბერნანკეს ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ დანიშნა. ამ პოზიციაზე იელენმა 2014-დან 2018 წლამდე იმსახურა, თუმცა მომდევნო პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მისი ვადა არ გაუხანგრძლივებია.
2018 წელს ბანკის დატოვების შემდეგ ჯანეტ იელენი საჯაროდ საუბრობდა კლიმატის ცვლილებებსა და ვაშინგტონის ვალდებულებაზე, მეტი გააკეთოს, რათა აშშ-ს ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გავლენისგან დაიცვას. ბაიდენის ოფისში მუშაობის შემთხვევაში, იელენის მთავარი საზრუნავი სწორედ ამერიკის ეკონიმიკური სისტემის დაცვა იქნება კოვიდ-19-სგან.