ილონ მასკი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზეა

Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მასკი მესამე ადგილზეა, მეორე ადგილს კი ბერნარ არნო იკავებს.

https://www.forbes.com/sites/hayleycuccinello/2020/11/24/no-elon-musk-is-not-the-second-richest-person-in-the-world

დღევანდელი მონაცემებით Tesla-ის თანადამფუძნებელი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ილონ მასკმა Microsoft-ის მილიარდელი დამფუძნებელი, ბილ გეიტსი ჩამოიტოვა რეიტინგში.

Photo Credits to Reuters/Stephen Lam

გლობალური პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი ილონ მასკისთვის შემოსავლის ზრდასთანაა დაკავშირებული. 49 წლის მეწარმის წმინდა ქონება $7.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ორშაბათს $127.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული განპირობებულია Tesla-ის აქციების ფასის ზრდით, მას შემდეგ რაც Tesla წამყვანი ამერიკული კომპანიების S&P 500 ინდექსში შესასვლელად შეირჩა. ილონ მასკის ქონების მეოთხედი Tesla-ის აქციებისგან შედგება, რაც ბიზნესმენის წილს SpaceX–ში ბევრად აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ Tesla ბევრად უფრო ნაკლებ მანქანას ქმნის ვიდრე სხვა კომპანიები, Tesla–ს აქვს ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება. დღევანდელი მონაცემებით, ავტომშენებელი და ენერგოკომპანიის საბაზრო ღირებულება $500 მილიარდ დოლარს აღწევს.

2020 წელს მასკის ქონება ჯამში $100.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაშინ როცა იანვარში Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით ამერიკელი ინვესტორი 35-ე ადგილს იკავებდა. 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ილონ მასკი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზე იყო. გასულ კვირას მასკმა Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგიც ჩამოიტოვა, რომელიც ახლა რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია, რომელიც 2017 წლიდან პირველობას არავის უთმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ მეორე შემთხვევა, როდესაც Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მოწინავე ორ ადგილს არ იკავებს. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის შემქმნელების აზრით, ბილ გეიტსის ქონება ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა მისი საქველმოქმედო საქმიანობა.