2020 წლის ნოემბრიდან საქართველოში დამზადებული წითელი ღვინო, „დაკარგული სამოთხე“ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაიყიდება, ამერიკული გავლენიანი გამოცემა The New York Times უკვე მოუწოდებს მკითხველებს დააგემოვნონ წითელი ღვინო საქართველოდან.
ღვინის აღნიშნული ბრენდი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეიქმნა და იგი ამერიკულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
საფერავის „დაკარგული სამოთხე“ ღვინის დამზადების თანამედროვე და ტრადიციულ მეთოდებს შორის ერთგვარ ბალანსს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც დასავლურ ბაზარზე, როგორც ქართული ღვინის, აგრეთვე საქართველოს ცნობადობაც გაიზრდება. უნიკალურია ღვინის ბოთლიც, რომელიც ვაზის ძარღვოვან ფორმას იმეორებს და ამგვარად მის ტრადიციულობას უსვამს ხაზს.
დღესდღეობით, საქართველოში ვაზის 500-მდე ჯიში მოიძებნება, ხოლო ქვევრის საშუალებით ღვინის დაყენების ტექნოლოგიას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც მის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.