გადაშენების პირას მყოფი სახეობების დასაცავად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ“ (ZSL) და Google Cloud-მა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც ნაკრძალებსა და საფარიში განთავსდება და აკუსტიკური სენსორების მეშვეობით, 1 კილომეტრის რადიუსში მიმდინარე მოვლენებს გაანალიზებს. მოწყობილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას დაადგენს, რაც ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების გადარჩენას.

Photo Credits to BBC

იმ შემთხვევაში, თუ ბრაკონიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისვრის, მოწყობილობა შესაბამის უწყებას დაუკავშირდება. გასროლის ხმის ამოცნობას სისტემა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახერხებს.

ამჟამად ბრაკონიერების საპოვნელად პარკებსა და ნაკრძალებში დამონტაჟებული კამერები გამოიყენება, რომლებიც მხოლოდ მოძრაობის დაფიქსირებისას აქტიურდებიან. თუმცა კამერების დაფარვის არეალი არც ისე ფართოა. განსხვავებით, აკუსტიკურ სენსორს 360 გრადუსის გაკონტროლება შეუძლია და ამასთანავე, ის გაცილებით იაფიცაა – თითო მოწყობილობის ფასი, დაახლოებით, 60 დოლარია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოწყობილობის დაბალი ფასის გათვალისწინებით, მსოფლიოს ბევრი პარკი და ნაკრძალი მას შეიძენს და ამით, ბევრ ცხოველსაც იხსნის ბრაკონიერებისგან.

ZSL–ის ხელმძღვანელმა, ენტონი დენსერმა განაცხადა, რომ: „ბრაკონიერების ადგილსამყოფელის გამოცნობით, შესაძლოა, შემდგომი ნადირობა თავიდან ავიცილოთ…პარკის თანამშრომლებმა მეტ-ნაკლებად იციან, ნაკრძალის რომელ ნაწილებშია მოსალოდნელი უკანონო აქტივობა. მათ სწორედ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე უნდა განათავსონ ეს მოწყობილობა“. პროექტი ამჟამად ფოკუსირებულია ცეცხლსასროლ იარაღზე, თუმცა დენსერი იმედოვნებს, რომ მომავალში, აღნიშნული მოწყობილობა საუბრის იდენტიფიცირებასაც შეძლებს და ბრაკონიერსაც უფრო მოკლე დროში ამოიცნობს.