საქართველოში ხაჭაპურის ინდექსის ფასები ყოველთვიურად იზრდება

ISET Policy Institute-ის  (ISET-PI)  გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში, ერთი პორცია იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯი 2.8%-ით გაიზარდა (აგვისტოსთან შედარებით). ეს მაჩვენებელი 11.7%-ით მეტია შარშანდელი წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხაჭაპურის მომზადების ხარჯი  4.09 ლარს შეადგენდა.

რძით მომარაგების შემცირებასთან ერთად, რაც სეზონური მიზეზებითაა გამოწვეული, ყოველთვიურად საქართველოს ყველა ქალაქში ხაჭაპურის ინდექსის ფასები იზრდება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი თვიური ზრდა თელავში (13.3%), ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმში(2.6%) დაფიქსირდა.

ანგარიშის მიხედვით, კორონა ვირუსის მიუხედავად, ადგილობრივი ტურისტების ნაკადმა შავი ზღვის სანაპიროდან თელავში გადაინაცვლა, რამაც ხაჭაპურზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც.  ISET-PI-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველის ფასებზე ცვლილება ჯერ ქუთაისში, შემდეგ თელავში აისახა. მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, რომ სურსათის ფასების ზრდის ტენდენცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდეს.