საუდის არაბეთში ქალთა პირველი საფეხბურთო ლიგა იმართება

საუდის არაბეთში პირველი ქალთა საფეხბურთო ლიგა გაიმართება. ჩემპიონობისთვის 24 გუნდი და 600-ზე მეტი მოთამაშე იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში მატჩები არ გაშუქებულა, საუდის მედია მიესალმება ქალთა მონაწილეობას სპორტში.

ფეხბურთის მწვრთნელისა და სპორტული ჟურნალისტის, აბდულ ალიამის განცხადებით, „ეს ბედნიერი დღეა თითოეული სპორტსმენისათვის სქესის მიუხედავად“. „ფეხბურთი მთელ სამეფოში პოპულარობით სარგებლობს. მჯერა, რომ მომავალში, ჩვენი დები უფრო მეტად ჩაერთვებიან პროფესიონალურ სპორტში“, – აღნიშნა მან.

არაბეთის პოლიტიკის კრიტიკოსებმა კი მიმდინარე მოვლენებს ფასადური უწოდეს და აღნიშნეს, რომ ამ გზით მმართველობა ადამიანთა უფლებების მიმართულებით კრიტიკული სიტუაციის გადაფარვას ცდილობს. დღესდღეობით პატიმრობაში რჩება უამრავი ქალი აქტივისტი, რომელიც რეფორმებისთვის იბრძოდა.

„საუდის არაბეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, ისიამოვნონ სპორტული ღონისძიებებით. თუმცა, ამასთანავე,  არ უნდა დაივიწყონ ადამიანთა ისეთი ძირითადი უფლებები, როგორებიცაა გამოხატვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება“, – განაცხადა მაიკლ პეიჯმა, Human Right Watch-ის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთში.

აღსანიშნავია, რომ არაბმა ქალებმა საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მხოლოდ 2018 წელს მოიპოვეს. მრავალი წლის განმავლობაში, კულტურულ ნორმებსა და რელიგიურ სწავლებაზე დაყრდნობით, ქალებს სპორტულ ღონისძიებებში ყველა სახის მონაწილეობა ეკრძალებოდათ.