საქსტატი 2020 წლის III კვარტლის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის დონე 11.9%-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-თ არის გაზრდილი. ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.4%-ით შემცირებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8% შეადგინა.
აქტიურობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში არის შემცირებული, შესაბამისად 0.8 და 3.0 პროცენტული პუნქტით. ხოლო დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, კერძოდ ქალაქის ტიპის დასახლებებში – 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.3 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, 2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5%-ს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აღსანიშნია, რომ ბოლო ორ კვარტალში თვითდასაქმებულთა პროცენტული წილი აღემატება დაქირავებულთა რაოდენობას.
დასაქმების სტატუსის მიხედვით 2018-2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში, დასაქმებულები შემდეგნაირად ნაწილდებიან:
საქსტატის ანგარიშითვე ირკვევა, რომ უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია და, შესაბამისად, 4.8% და 18.8%-ს შეადგენს.
2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს სქესის მიხედვით, ის მამაკაცებში კვლავ მაღალია. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.