რუმინული კლუჟის „ოლიმპია“ დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლანჩხუთელებმა სტუმრად რუმინული კლუჟის „ოლიმპია“ ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.
„ლანჩხუთის მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა. 2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 დეკემბერს და 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი,“ – ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.