The Economist Intelligence Unit (EIU) -ის კვლევის თანახმად, პარიზი, ჰონგ-კონგი და ციურიხი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში პირველ ადგილებს იკავებს. ორმა ევროპულმა ქალაქმა, ჰონგ-კონგთან ერთად, ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით სინგაპურსა და ოსაკას გადაუსწრო.
ინდექსი, რომელიც 2020 წლის სექტემბრის მონაცემებს ეყრდნობა, 138 სასაქონლო პროდუქტისა და მომსახურების ფასებს ადარებს 130 ქალაქში. სტატისტიკამ, წინა წელთან შედარებით, 0.3 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. თუმცა, ფასების ზრდამ ყველა რეგიონზე განსხვავებულად იმოქმედა. მსგავსმა ტენდენციამ ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებზე ნაკლებად იმოქმედ. ეკონომისტები ამ ფაქტს ევროპული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან.
ინდექსის თანახმად, ფასებზე ხუთი მთავარი ტენდენცია ახდენს გავლენას: ვალუტის არასტაბილური კურსი, მიწოდების ჯაჭვის გარღვევა (გარკვეული საქონლის დეფიციტი), მთავრობის მიერ ფასების კონტროლი, მომხმარებლის არაპროგნოზირებადი ქმედება და ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილება.
კვლევა აქვეყნებს იმ პროდუქტების სიასაც, რომელთა ფასი ყველაზე მკვეთრად გაიზარდა: ალკოჰოლი, თამბაქო, წიგნები, სამომხმარებლო ელექტრონიკა.
დაბალი მოთხოვნის გამო ტანსაცმელი ერთადერთი კატეგორიაა, რომელმაც ფასის ვარდნა განიცადა. ტანსაცმლის მწარმოებლებმა კი დიდი ზარალი ნახეს დაწესებული შეზღუდვების გამო.
ყველაზე იაფი ქალაქების სიაში მოხვდა: დამასკო (სირია), ტაშკენტი (უზბეკეთი), ლუსაკა (ზამბია) და კარაკასი (ვენესუელა).
EIU-ს კვლევის თანახმად, ფასების ცვლილების ტენდენცია 2021 წელსაც მსგავსი იქნება, რადგან მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2022 წლამდე, შესაძლოა, ვერ დაუბრუნდეს.