რუსეთის პრეზიდენტებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან სპეციალური იმუნიტეტი დაიცავს

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტები და მათი ოჯახის წევრები სპეციალური იმუნიტეტით ისარგებლებენ. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, რუსი პრეზიდენტები თანამდებობის დატოვების შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემისგან თავისუფლდებიან. კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ კომუნისტური პარტიის 37 დეპუტატი იყო. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორივე პალატაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მომხრე პოლიტიკოსები დომინირებენ.

სისხლისსამართლებრივი დევნა წარმოადგენს სახელმწიფოს უფლებას გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი პირი და აღნიშნული კანონის დადგენილი წესით დააკისროს პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებას ზღუდავს და პუტინს „გარანტიებს ანიჭებს“.

სისხლისსამართლებრივი დევნის საპირწონედ პრეზიდენტს და მის ოჯახს ექნებათ იმუნიტეტი, რომელიც მათ პოლიციის მხრიდან ჩხრეკისა და დაკითხვისგან, ქონების კონფისკაციისგან დაიცავს. დამატებით, პრეზიდენტს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი დევნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებების გამო. გამონაკლისი იქნება სახელმწიფოს ღალატისა ან სხვა მძიმე დანაშაულის ბრალდება.

კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას, ალექსეი ნავალნიც გამოეხმაურა. ნავალნის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე ვკითხულობთ: „ რატომ დასჭირდა პუტინს იმუნიტეტი ახლა? შესაძლებელია თუ არა, რომ დიქტატორი საკუთარი ნებით გადადგეს დაკავებული პოსტიდან?“

შეგახსენებთ, რომ 68 წლის ვლადიმერ პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს სრულდება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებები მას კიდევ ორი ვადით პრეზიდენტობის საშუალებას აძლევს.