მაიკ პომპეო – აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო მდივანს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ. აღნიშნული შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის სიმტკიცეს უსვამს ხაზს.

Photo via VOA

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზებზე ისაუბრეს.  მაიკლ პომპეოს განცხადებით, 30 წლის განმავლობაში აშშ და საქართველო ძალიან კარგი მეგობრები არიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ ოკუპაციის საკითხებზე“ – განაცხადა პომპეომ.

აღსანიშნავია, მაიკ პომპეოს განცხადება, რომ აშშ “მომავალში ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გასამყარებლად და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის.“

მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატით გამართულ შეხვედრას, აშშ-ის მხრიდან – სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა. 

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. შეხვედრა ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლეში, თბილისის ცენტრში გაიმართა. მაიკ პომპეოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის აღფრთოვანებულია თბილისში ყოფნით. ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.