Toyota და Panasonic ჰიბრიდული ავტომობილებისათვის ელემენტებს ერთობლივად დაამზადებენ

ტოიოტასა და პანასონიკის კორპორაციების ერთობლივი წამოწყება ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებში განახლებულ ელექტრომომარაგების სისტემას გვთავაზობს. კომპანიების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგია დასავლეთ იაპონიაში 2022 წლიდან დაინერგება და სრულად დააკმაყოფილებს ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას.

Photo Credits to Toyota Motor Corporation

პანასონიკის საწარმოში ირწმუნებიან, რომ ქარხანა მთელი წლის განმავლობაში დაამზადებს დაახლოებით 500 ათასი ავტომობილისათვის საჭირო ელემენტებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიო ბაზარი ითხოვს ახალ ტექნოლოგიებს.

კორპორაციების ერთობლივი წამოწყება აპრილში დარეგისტრირდა და მისი საკონტროლო პაკეტის 51%-ს ტოიოტა მოტორსი ფლობს, ხოლო დანარჩენ 49%-ს – პანასონიკი. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ელემენტების მწარმოებელია ჰიბრიდული ავტომობილებისათვის. იგი კონკურენციას უწევს ამერიკულ Tesla-სა და სამხრეთ კორეულ კორპორაციებს.

იაპონიის უდიდეს ავტომწარმოებელ კომპანიაში, ტოიოტაში, აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით 2025 წლისათვის 5.5 მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდება.