საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ირანში გაწვრთნილი ტერორისტული ჯგუფის წევრები დააკავა

საუდის არაბეთის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ  საუდის არაბეთმა ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გაწვრთნილი „ტერორისტული უჯრედის“  10 წევრი დააკავა. დაპატიმრებულები აღჭურვილნი იყვნენ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი იარაღებით. ტერმინი „ტერორისტული უჯრედი“ არის ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგიებიდან ერთ-ერთი, რაც გულისხმობს პატარა დაჯგუფებების გაგზავნის ხარჯზე რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

Photo Credits to Hassan Ammar/AP Photo

საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა საუდის არაბეთს მოუწოდა, რომ სიბრძნისა და პატიოსნების გზა აირჩიონ, ვინაიდან სიცრუე არანაირ სარგებელს არ მოუტანს. ამასთან, ირანის განცხადებით, საუდის არაბეთი არის ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი წყარო, რომელიც ლოგისტიკურ მხარდაჭერასაც უცხადებს ტერორისტულ ორგანიზაციებს. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ეს არის ერთი კვირის წინ  გაეროს გენერალური ასამბლეისთვის წაყენებულ მოთხოვნაზე პასუხი. ასამბლეაზე საუდის არაბეთი გაეროსგან ითხოვდა, შემუშავებულიყო ყოვლისმომცველი მექანიზმი თეირანის შესაჩერებლად.