ქალი კომპოზიტორის პირველი ოპერა Wiener Staatsoper-ში

ვენის სახელმწიფო ოპერა 1869 წელს დაფუძნდა და მისი სცენა წლების განმავლობაში აერთიანებდა მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილის მქონე შემსრულებლებსა და პრემიერებს.  თუმცა, 150 წლის განმავლობაში ოპერის სცენაზე არასდროს დადგმულა ქალი კომპოზიტორის მიერ დაწერილი ოპერა.

2019 წლის 8 დეკემბერს 150 წლიანი „ტრადიცია“ დაირღვა, როდესაც ვენის სახელმწიფო ოპერამ „ორლანდოს“ მსოფლიო პრემიერას უმასპინძლა.

„ორლანდო“ ავსტრიელი კომპოზიტორის ოლგა ნოივერტის ოპერაა, რომელიც ვირჯინია ვულფის ნაწარმოების “ორლანდო: ბიოგრაფია” ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ნოივერტს ოპერა ვენის სახელმწიფო ოპერის დირექტორმა, დომინიკ მეიერმა დაუკვეთა 2014 წელს.

ვირჯინია ვულფი ინგლისური მოდერნიზმის გამორჩეული წარმომადგენელია. ურთიერთქმედება გენდერულ იდენტობას, სიყვარულსა და არტისტულ შემოქმედებას შორის – სწორედ ამ თემაზე საუბრით გააცნო თავი ვულფმა ფართო საზოგადოებას XX საუკუნეში. ოლგა ნოივერტი კი უკვე დასრულებულ ისტორიას ვენის საოპერო სცენაზე აცოცხლებს და აგრძელებს.

Photo Credits to Wiener Staatsoper / Michael Pöhn

ოლგა 1968 წელს დაიბადა გრაცში. სწავლობდა სან-ფრანცისკოს მუსიკალურ კონსერვატორიაში, ვენის სამუსიკო და საშემსრულებლო უნივერსიტეტსა და ელექტროაკუსტიკის ინსტიტუტში.

ოლგა ფართო საზოგადოებამ 1991 წელს ელფრიდ ჯელენკის ნაწარმოებებზე დაფუძნებული ორი მოკლემეტრაჟიანი ოპერით გაიცნო. ოლგას შთაგონების წყარო ძირითადად ანგლო-ამერიკული კულტურაა. ამის ნათელი მაგალითია 2003 წელს წარდგენილი კომპოზიცია “Lost Highway”, რომელიც დევიდ ლინჩის ამავე სახელწოდების ფილმზა დაფუძნებულით. 2012 წელს ოლგამ ორი ახალი ნამუშევარი წარადგინა: “The Outcast”, რომელიც ჰერმან მელვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა და ალბან ბერგსის “ლულუს” რეინტერპრეტაცია. ამჟამად ნოივერტი ნიუ-იორკის ფილარმონიისათვის ახალ ოპერას ქმნის, რომლის პრემიერაც 2020 წლის მაისში შედგება.

„ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ყველაფერი – ხელოვნებიდან პოლიტიკამდე, მეცნიერებიდან არქიტექტურამდე და ადამიანის ფსიქოლოგიამდე. ჩემი შთაგონების წყარო ყველა ის პატარა თუ დიდი რამაა, რასაც სამყაროში ვაწყდები, სიცოცხლის მრავალფეროვნება. ამ ყველაფრის ანარეკლს სწორედ “ორლანდოში” ვხედავ. ამ გამოგონილი ბიოგრაფიის მთავარი არსიც ამ უცნაურობების, პარადოქსების, გროტესკის, სათნოების, ამაღლებისა და გაზვიადების სიყვარულია.” – ამბობს ოლგა ნოივერტი.

19 მოქმედებისგან შემდგარი ოპერის ნახვა მაყურებელს 18 დეკემბერსაც შეუძლია. ვენის სახელმწიფო ოპერა ოპერის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს პირდაპირ რეჟიმში უყურონ „ორლანდოს“ ბმულზე – www.staatsoperlive.com.