მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ინტერნეტ-ტელევიზია Netflix გადაღებებს წყვეტს. კომპანიამ ამის შესახებ ამერიკულ ჟურნალ Entertainment Weekly-სთან განაცხადა. აღსანიშნავია, რომ შეჩერებულ გადაღებებს შორისაა სერიალი Stranger Things, რომლის მე-4 სეზონის პრემიერას ბევრი მაყურებელი ელოდება. Stranger Things-ის გარდა, Netflix ამჟამად იღებდა კომედიურ სერიალს Grace and Frankie, აგრეთვე, რაიან მერფის ფილმს სახელწოდებით The Prom.
Netflix-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-ში დღეისათვის COVID-19 ვირუსით 1700 მოქალაქეა ინფიცირებული, 41 კი – გარდაცვლილი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Netflix-მა სამუშაოები შეაჩერა როგორც აშშ-ში, აგრეთვე, კანადაში.
Netflix-მა განაცხადა, რომ სიტუაციას 2 კვირის განმავლობაში დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის გააგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, განცხადებაში დასტურდება, რომ Netflix-ის კალიფორნიის ოფისის თანამშრომლები მუშაობას გააგრძელებენ სახლიდან. აღსანიშნავია, რომ Netflix-თან ერთად გადაღებები შეწყვიტეს ისეთმა წამყვანმა კომპანიებმა, როგორებიც არიან – Disney, ABC და NBC.