Netflix-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

თუ მიმდინარე პანდემიის პირობებში კომპანიების უმეტესობა ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია პლატფორმის Netflix-ის საბაზრო ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და 194 მილიარდ დოლარს უტოლდება.

ამ მონაცემებით Netflix მისი ყველაზე დიდი კონკურენტი კომპანიის Disney-ს ღირებულებას აჭარბებს, რისი მიზეზიც ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებაა. მასობრივი კარანტინის გამო, ერთი მხრივ, იზრდება Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობა და ინტერესი პროდუქტისადმი, რამაც, მხოლოდ 2020 წელს, კომპანიის ღირებულების 50 მილიარდი დოლარით ზრდა განაპირობა; მეორე მხრივ, კი აღნიშნული ვითარების, მომხმარებლისა და მომუშავე პერსონალის ინტერესების გათვალისწინებით, Disney-მ მსოფლიოს მასშტაბით ყველა გასართობი პარკის დახურვისა და მიმდინარე გადაღებების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ღირებულების მესამედის დაკარგვით დასრულდა და ის 258 მილიარდი დოლარიდან 184 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, მიმდინარე მონაცემებით Netflix-ის თანადამფუძნებლისა და CEO-ს რიდ ჰასთინგსის ქონება მხოლოდ მარტის თვის ბოლოდან 1.2 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.