ნანა ნერსეზაშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. მან თანამოაზრეებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩამოაყალიბა სათემო ორგანიზაცია ,,ლელი”, რომლის არაერთმა პროექტმა სასიკეთოდ იმოქმედა სოფლისა და იქ მცხოვრები ახალგაზრდობის განვითარებაზე.
ნანა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ქალების სამოქალაქო და ეკონომიკურ განვითარებაზე. მისი ხელშეწყობით შეიქმნა ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელშიც დილიდან საღამომდე უამრავ ადამიანს შეხვდებით.
შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ნანა ნერსეზაშვილის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.