ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევა დღეს გამოქვეყნდა.
კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% თვლის რომ ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება 50% ქალი და 50% კაცია. ეს მაჩვნებელი სხვა წლებთან შედარებით გაზრდილია.
გამოკითხულთა 65% პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას უჭერს მხარს. გენდერული კვოტის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისსა (75%) და პატარა ქალაებშია (72%), ხოლო ყველაზე ნაკლებად გენდერულ კვოტებს დიდ ქალაქებში უჭერენ მხარს (31%). უმცირესობათა დასახლებებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “არ ვიცი”-ია (36%).
ამავდროულად, უფრო მეტი ქალი (70%) ემხრობა პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას, ვიდრე კაცი (58%), თუმცა მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა პირისპირი ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.