NDI გამოკითხვის ახალ შედეგებს აქვეყნებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საზოგადოების უმთავრეს პრობლემებზე.
გამოკითხვის მიხედვით, ეროვნული საკითხებიდან გამოკითხულებისა და მათი ოჯახისათვის კვლავაც მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცა სამუშაო ადგილები (49%); სიღარიბე (39%); ტერიტორიული მთლიანობა (28%); ინფლაცია (20%); განათლება (13%); პენსიები (13%); ხელფასები (10%) და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ეს კი ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ არ აღნიშნულ პერიოდში არ გატარებულა ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
საინტერესო ფაქტია, რომ გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში ეკონომიკური საკითხები ლიდერობს. ეს ყველაფერი კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური პრობლემები საზოგადოების უმრავლესობისათვის ,,მძიმე ტვირთს“ წარმოადგენს და შესაბამისად ისეთი საკითხები როგორიცაა სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და კორუფცია საზოგადოებისგან ნაკლებ ყურადღებას იქცევს.
გამოკითხვის მიხედვით, ეროვნული პრობლემების ჩამონათვალში ისტორიულ მაქსიმუმზეა სიღარიბე. გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ სიღარიბე ქვეყნისა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
საყურადღებოა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 31% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, ხოლო 24%-ს მიაჩნია, რომ ის ამჟამად უმუშევარია. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ით ნაკლები იყო და გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევდა თავს უმუშევრად. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ზრდა კორონავირუსის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.
უკვე წლებია, საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემების სათავეში უმუშევრობა დგას. გამოკითხულთა 67% თვლის, რომ სწორედ უმუშევრობაა ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა, მას მოსდევს ინფლაცია 33%-ით და სიღარიბე – 22%-ით.
ეკონომიკური შესაძლებლობები ურბანული სტატუსის მიხედვით განსხვავდება. სოფლის განვითარების მტავარ შესაძლებლობად გამოკითხულთა უმრავლესობა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობასა და მეცხოველეობას ასახელებს; ხოლო ქალაქის განვითარების მთავარ შესაძლებლობად კი ტურიზმი, მიწათმოქმედება და მსუბუქი მრეწველებო სახელდება.
გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ მან მიიღო ფინანსური დახმარება მთავრობისაგან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. მათ შორის 52% კი თვლის, რომ აღნიშნული დახმარება საკმარისი იყო.
აღნიშნული კვლევა 2020 წლის აგვისტოში ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.