NDI: მოსახლეობის 48%-ის აზრით, ქვეყნის პირველი პრობლემა სამუშაო ადგილებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევა დღეს გამოაქვეყნა. კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის ეროვნულ საკითხებსაც.

კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? – საზოგადოებრივი აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა – 48% მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილები ნომერ პირველი პრობლემაა, 34% თვლის, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია, ხოლო 33%-ისთვის სიღარიბე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემას, 29% აზრით ტერიტორიული მთლიანობაა არის ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი, ხოლო 22%-თვის პენსიები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე 10 წელია მწვავედ აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა დედაქალაქში 35%-მდეა შემცირებული, ხოლო მთლიანად საქართველოში 48%-მდე, რაც 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.