„ახალი კორონავირუსის“ სახელწოდებით გავრცელებული ვირუსი COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჰარვარდის კვლევითი ცენტრის მეცნიერები, ინფექციური დაავადებების სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვებს, თუ რა მოელის ეპიდემიის გამწვავების შემთხვევაში მსოფლიოს და, განსაკუთრებით კი – მცირეწლოვან ბავშვებს.
ეპიდემიის გავრცელებიდან პირველად, ვირუსთა უახლესი შემთხვევების უმრავლესობა უკვე ჩინეთის საზღვრებს მიღმა ფიქსირდება; თვეზე მეტია, რაც იაპონიის სკოლები დაიხურა; მსოფლიო ეკონომიკა კვლავ განაგრძობს მუდმივ რეცესიას; მოსახლეობას კი სულ უფრო მეტად აინტერესებს ინფორმაციები ვაქცინაციის შესახებ.
მიუხედავად მათში გაღვივებული პანიკური განწყობებისა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. მათი ოპტიმიზმის საფუძველი ჩინეთის, ანუ ეპიდემიის მთავარი წყაროს, ზოგიერთი ქალაქის ჩაკეტვა და ქარხნების, ბიზნესცენტრებისა და სკოლების დახურვაა. ასევე, მკაცრად რეგულირდება ეპიდემიის წერტილებში მოგზაურობის წესებიც.
გთავაზობთ „The Harvard Gazette-ის“ ინტერვიუს ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადამდებ დაავადებათა დინამიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელთან, ეპიდემიოლოგ მარკ ლიპსიჩთან.
ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა პლანეტის დანარჩენი მოსახლეობის ანალოგიურმა მაჩვენებელმა. ნიშნავს თუ არა ეს ვირუსის ეპიცენტრის მდებარეობის ცვლილებას?
ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება, თუკი რამდენიმე დღე კვლავ დავაკვირდეთ მოვლენებს, ვიდრე დანამდვილებით დავახასიათებდეთ და შევაფასებდეთ რაიმეს. დღევანდელი ვითარებით მხოლოდ ის შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩინეთის საზღვრების მკაცრმა კონტროლმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო ინფექციების გავრცელებასთან ბრძოლაში. ამას WHO-ც (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ადასტურებს. ცხადია, ეს იმედისმომცემია, თუმცა ეპიდემიამ უკვე მრავალი ქვეყანა მოიცვა და მასთან გამკლავების გზებიც, შესაბამისად, უფრო გართულდება. არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს. შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ შეძლოს ასეთი სოციალური დისტანციის შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ნელ-ნელა ცდილობს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ ტემპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციების გავრცელების რისკი კვლავ მაღალია.
რა მიგაჩნიათ ყველაზე საყურადღებო და უჩვეულო ფაქტორებად ვირუსის გავრცელების უკანასკნელი კვირების მანძილზე?
მეტად უცნაურია, რომ ინფექციების კერად გადაიქცა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქტიური კავშირები არ ჰქონიათ ჩინეთთან და რომელთაც არავინ მიიჩნევდა რისკის პოტენციურ ზონებად. ასეთებია, მაგალითად, ირანი და იტალია. ასევე საკვირველია, რომ აშშ-ის მასშტაბის მქონე სახელმწიფოში ვირუსი და მსხვერპლი უფრო მასობრივი არ გამხდარა. თავის მხრივ, ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ არსებობს მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ აქ გამოვლენილი შემთხვევების სიმცირე ამერიკის ჯანდაცვის სისტემის სუსტ კონტროლზე მიუთითებს. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც მსხვერპლი უფრო დიდია, ჯანდაცვის პოლიტიკაც გაცილებით უფრო სუსტია. ამიტომაც, გაკვირვებული დავრჩები, თუკი აღმოჩნდება, რომ ამერიკა სათანადოდ ვერ აღრიცხავს დაინფიცირებულთა რაოდენობას.
როდის შეიძლება ეპიდემიას ვუწოდოთ პანდემია? ჩვენ უკვე გაქვს ვირუსის გავრცელების რამდენიმე მთავარი კერა მსოფლიოში.
ვფიქრობ, ამ ვითარებაში მსგავსი ტერმინოლოგია და მათ შორის განსხვავებების ძიება სრულიად უსარგებლოა. პანდემია გულისხმობს ინფექციის უწყვეტად გადაცემას მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ადგილას. ირანი, იტალია, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, – ამ ქვეყნებში ჩვენ გვაქვს ეპიდემიის გავრცელების უმსხვილესი ცენტრები და მნიშვნელობა არ აქვს რას დავარქმევთ ამას.
უმჯობესია, ჩვენი მსჯელობები რეალურ ფაქტებზე დავაფუძნოთ და ტერმინებით სპეკულაციით არ გავამწვავოთ სიტუაცია.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობის 40-70 პროცენტი შესაძლოა ამ ვირუსით დაინფიცირდეს. კვლავ ანალოგიურ პოზიციას ინარჩუნებთ?
დიახ, თუმცა უნდა დავამატო, რომ ზრდასრულთა 40-70% -ს ვგულისხმობდი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ, რა ხდება ბავშვების შემთხვევაში და საერთოდაც, როგორ ვლინდება მათში ეს სიმპტომები. ამიტომაც, არ მსურს, დამატებითი ვარაუდები გამოვთქვა ბავშვების შესახებ იქამდე, ვიდრე არ მოვიპოვებთ ახალ ინფორმაციას.
ინფიცირების ტემპი და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საზღვრების ჩაკეტვა არაეფექტური იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, კვლავ აღვნიშნავ, რომ დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე, ჩინეთის მაგალითით, ამან პოზიტიური ცვლილებებიც მოგვიტანა.
გასაგებია, რომ ბავშვებში ეს ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ რისი თქმა შეგიძლიათ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილზე, როგორია მაჩვენებლები დემოგრაფიული თვალსაზრისით?
სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა, რაც უფრო ასაკოვანია მოქალაქე, მით უფრო მეტადაა მოსალოდნელი მისი დაინფიცირება. ინფექციის გამწვავების შემთხვევაში კი პაციენტებს შორის იზრდება გარდაცვალების რისკიც. სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ დაავადებულ პაციენტთა შორის ჭარბობენ მამაკაცები. ხოლო შეკითხვა – „რატომ?“ – გამოკვლევის ჩატარების საკვანძო საკითხია.
ასევე, მინდა დავამატო, რომ მედიცინის მუშაკები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან და სულ უფრო და უფრო იზრდება ახალგაზრდა ექიმების გარდაცვალების ტრაგიკული შემთხვევები.
სამედიცინო კომპანიამ კემბრიჯში „Moderna Inc“ გასულ კვირას უკვე გადასცა ვაქცინაციის სინჯები „NIH“ ადამიანზე ტესტირებისათვის, რაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა. ზრდის თუ არა უარყოფითი მოვლენების განვითარების რისკს ის ერთწლიანი ვადა, რომელიც ვაქცინის გამოსაცდელადაა საჭირო?
შესაძლებელია კიდევ შევამციროთ გამოსაცდელი ვადები – ეს კვლევის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ვაქცინაციის შესწავლის პროცედურების დაჩქარებას ცალსახად არაგონივრულად მივიჩნევ, რადგან შეუმოწმებელი და სათანადოდ გამოუცდელი ვაქცინაცია არათუ სარგებელის, არამედ ფატალური ზიანის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ნაწილისთვის. ამიტომაც, საჭიროა გამოვიჩინოთ ჯეროვანი მოთმინება – ვიმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ – ფრთხილად.
როგორც ვიცით, ივლისში იაპონია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. შეგვიძლია თუ არა უკვე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც შევაფასოთ, თუ ამის განხილვა ჯერ კიდევ ნაადრევია?
მომდევნო რამდენიმე კვირა უფრო ნათლად დაგვანახებს მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების საფრთხეებს და მოგვცემს სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლებს. თუკი ვირუსი ქვეყნებს შორის თანაბრად ვრცელდება, გამოდის, რომ საზღვრების ჩაკეტვა აზრსმოკლებულია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ოლიმპიადის მსგავსი შეკრებების შეზღუდვა მაინც მოხდეს. მანამდე კი სჯობს მოვლენების განვითარებას მივადევნოთ თვალყური.
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ პასუხგაუცემელი შეკითხვა ვირუსთან დაკავშირებით?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და საყურადღებო შეკითხვაა, თუ რა როლს თამაშობენ ბავშვები ვირუსების ფარული გავრცელების თვალსაზრისით. ეპიდემიების გავრცელებისას ინტერვენციის უკანასკნელი საფეხური სკოლების დახურვაა. ეს თანაბრად მოსალოდნელია გახდეს როგორც ეფექტური, ისე – სავალალო შედეგების მომტანი გადაწყვეტილება. ამიტომაც, ყოველთვის საჭიროა ძლიერი და შეუვალი არგუმენტები, რატომ უნდა დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები. ასევე, უმნიშვნელოვანესია იმ ბავშვებზე დაკვირვებაც, რომლებიც იმყოფებიან დაინფიცირებული ოჯახის წევრების გარემოცვაში. ეს დაგვეხმარება გავარკვიოთ, ინფიცირდებიან თუ არა ბავშვები და ავრცელებენ თუ არა ვირუსს.
რისი თქმა შეგვიძლია ბავშვებზე დანამდვილებით, რა გავლენა აქვს მათზე ვირუსს?
დანამდვილებით ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა, რომელთაც გამოხატულად აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტპომები ბევრად მცირეა, ვიდრე ზრდასრულების რაოდენობა. ჩინეთში, ჰუბეის რეგიონს გარეთ ამ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მცირეა, ხოლო ჰუბეიში პირიქით. ეს გარემოება შეიძლება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვით ავხსნათ – ჰუბეიში ჯანდაცვის სისტემა დიდი დატვირთვის ქვეშაა, შესაბამისად, თუკი ბავშვების მდგომარეობა მძიმე არ არის ან სიმპტომები მკვეთრად არაა გამოხატული, ისინი არ აღირიცხებიან, სხვა პროვინციებში კი ექიმებს საშუალება აქვთ უფრო დეტალურად შეისწავლონ ბავშვების მდგომარეობა.
მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება: ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ბავშვები ინფიცირებულები არიან და ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება არ გვაქვს სახეზე თუ ზოგადად არ ინფიცირდებიან.
წყარო: The Harvard Gazette
ავტორი: Alvin Powell