საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანია, შეამსუბუქოს ბიუროკრატიული ტვირთი და გაამარტივოს გადახდისუნარიანი მსესხებლისათვის სესხის აღების პროცესი, რაც ეროვნული ბანკის იმედით, ხელს შეუწყობს საბანკო სისტემის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდას.
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილება 2019 წელსაც განხორცილდა. მაშინდელი რეგულაციები სესხის გაცემის მკაცრ ჩარჩოებს ადგენდა და სებ-ის მტკიცებით, მისი შემოღება ქვეყანაში ჭარბვალიანობის დასაძლევად გახდა საჭირო.
დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სესხის გამარტივების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რითაც მნიშვნელოვნად იცვლება მომხმარებლისა და საფინანსო ინსტიტუტის სასესხო ვალდებულებები.
იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი. აღარაა სავალდებულო ადგილზე ვიზიტი მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისათვის, რაც მიკროსაფინასო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის სავალდებულოდ შესწავლის წესს დიდწილად ამარტივებს.
უქმდება სესხის მომსახურების კოეფიცინტის (PTI) ლიმიტი. აქამდე PTI ორი ტიპის დაანგარიშების მიხედვით გამოითვლებოდა. ახლა იგი დაითვლება მხოლოდ ერთის გათვალისწიებით ანუ იმ მაქსიმალური პერიოდის მიხედვით, რომელიც კონტრაქტითაა განსაზღვრული. აღნიშნულმა ცვლილებამ მსესხებლის ფინანსურ მდგრადობაზე შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს.
სესხის მომსახურების ზღვრების რაოდენობა მცირდება. 2020 წლიდან კოეფიცინტის დადგენისას გაითვალისწინებენ შემოსავლის მხოლოდ ორ კატეგორიას: 1000 ლარზე მეტსა და მასზე ნაკლებს, მაშინ როცა გასულ წელს მათი რაოდენობა 4 იყო. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებზე PTI ასევე აღნიშნული ორი კატეგორიის მიხედვით დაირიცხება, თუმცა ეროვნული ვალუტისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები პროცენტით.
იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა. ლარში გაცემული იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადა 15 წლიდან 20 წლამდე იზრდება.
იცვლება სესხის თანამონაწილეობის პირობებიც. რეგულაცია 40%-დან 30%-მდე ამცირებს სესხის თანამონაწილეობას, იმ შემთხვევისათვის, თუკი არ იქნება დადასტურებული შემოსავალით უზრუნველყოფა.
ცვლილება ამარტივებს ემიგრანტებისთვის სესხის აღებასაც. იპოთეკური სესხის უზრუნველყოფისათვის მოთხოვნა მსუბუქდება.
თუმცა აღნიშნული ცვლილებით ვერ ისარგებლებენ ის მსესხებლები, რომელთა სასესხო ვალდებულება მილიონ ლარზე მეტია.
საბანკო სექტორის მოლოდინით, რეგულაცია გაზრდის საფინანსო ინსტიტუტების რისკების მართვისთვის საჭირო ფუნქციებს და შეამცირებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით წნეხს.