საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოქვეყნა. ამ სცენარების მიზანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოების ხელშეწყობაა.
ზოგადად, ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ ფინანსურ ინსტიტუტებს მოსალოდნელი საკრედიტო რისკების განსაზღვრაში მნიშვნელოვნად ეხმარება. რისკების დროულად აღრიცხვა კი ფინანსურ ინსტიტუტებს შემზადების შესაძლებლობას აძლევს და შესაბამისად ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი მდგომარეობის გამო(გაზრდილი გაურკვევლობა და ეკონომიკური გარემოს ცვალებადობა) კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება მნიშვნელოვნად გართულდა. ამიტომ ფინანსური ორგანიზაცების საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველსაყოფად სცენარები ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდა.
საბაზისო სცენარის თანახმად, ვირუსის გავრცელება კონტროლს დაექვემდებარება და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი 2020 წლის შუა პერიოდისთვის ამუშავდება. საერთაშორისო საფინანსო დახმარებები კი ნაწილობრივ შეარბილებს ეკონომიკურ შოკს და ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ამ სცენარის მიხედვით, ვინაიდან ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები დროებითი ხასიათისაა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ინფლაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს. ასევე აღნიშნული სცენარით მომდევნო წლების განმავლობაში სტაბილური დარჩება აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი.
საბაზისო სცენართან ერთად განხილულია ალტერნატირული სცენარებიც: ოპტიმისტური სცენარის თანახმად, ეკონომიკური აქტივობა 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება, უფრო მაღალი ტემპით შემცირდება უმუშევრობა და ინფლაციაზე წნეხი ზომიერი იქნება. პესიმისტური სცენარი კი 2020 წლის მეორე ნახევარში კორონავირუსის გაგრძელებული გავრცელებით გამოწვეულ გახანგრძლივებულ რეცესიას განიხილავს.