ეროვნულმა ბანკმა 90 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წლის 7 აპრილს ჩატარებულ აუქციონზე ჯამში 90 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აქედან, სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 70მლნ ლარის, ხოლო სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები.

სახაზინო ობლიგაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი (1-დან 10 წლამდე) ფასიანი ქაღალდია. 2020 წლის 7 აპრილს ჩატარებულ აუქციონზე გაიყიდა 2-წლიანი ვადიანობის და 10.170%-იანი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის მქონე ობლიგაციები.

სახაზინო ვალდებულება კი მოკლევადიანი (1 წლამდე) ფასიანი ქაღალდია. აუქციონზე გაყიდული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა 181 დღე, ხოლო საშუალო შეწონელი საპროცენტო განაკვეთი 8.983%-ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით. სახაზინო ფასიანი ქაღალდები ემსახურება ფინანსური ბაზრების განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალისა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას.