ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ცვლის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ბანკის სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული ბანკი ზუსტ შეფასებას ვერ იძლევა.

„იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს.“

ბანკი ასევე აცხადებს, რომ იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს.

ამასთან, ბანკმა მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.