რა იცვლება ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზრის რეფორმით

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიზანია სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა.

რეფორმა ორი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს და 2017 წელს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაწილეობით შეიქმნა. გლობალური სავალუტო კოდექსით განსაზღვრული პირობები აღიარებულია აშშ-ს, ევროპის, კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკების მიერ.

გლობალური სავალუტო კოდექსი უზრუნველყოფს კონკურენციისა და გამჭვირვალობის ზრდას, სამართლიანი და თანაბარი პირობების დადგენასა და კლიენტთა ინტერესების უკეთ დაცვას. რეფორმის პირობებში ბანკები ვალდებულები იქნებიან ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და სხვა პირობები.

რეფორმის მეორე კომპონენტი შესაბამის ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს და ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის – Bmatch-ის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

Bmatch-ის პლატფორმა უზრუნველყოფს შემხვედრი გარიგებების ავტომატურ დაწყვილებას (მეჩინგს) და აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით ხდება, ეროვნული ბანკის წესები კი დადებული გარიგებების აღსრულებას არეგულირებს. გარდა ამისა, Bmatch-ის პლატფორმაზე გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც შესაბამისად, კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას განაპირობებს.

Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით გამოიყენება 15 ბანკის და უცხოური საინვესტიციო ფონდის მიერ. რეფორმის შემდგომ ახალი Bmatch სავალუტო პლატფორმა მონაწილეთა უფრო დიდი წრისთვის გახდება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, სისტემაში ვაჭრობა შესაძლებელი ხდება როგორც პირდაპირ ვალუტით, ასევე ბანკის მიერ განცხადების განთავსებით. აღნიშნული, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს ივაჭრონ იმ ბანკებთან/კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს, რაც უზრუნველყოფს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს.

სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება, რაც დროს აძლევს ბანკებს ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს ერთ ან რამდენიმე ბანკთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.