2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით ჯამში 18.3 მლრდ. აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული თანხა ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7%-ია.
პირველ კვარტალში საგარეო ვალის შემცირება ძირითადად საკურსო და ფასის ცვლილებებმა განაპირობა. ვალის შემცირებაზე გავლენა იქონია ოპერაციულმა ცვლილებებმაც.
მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფოს, მათ შორის სამთავრობო სექტორის, სახელწიფო საწარმოებისა და ეროვნული ბანკის, ასევე კერძო სექტორის, კერძოდ კი საბანკო და სხვა სექტორების, საგარეო ვალს.
31 მარტის მონაცემებით საქართველოს სახელწიფო საგარეო ვალმა კი ჯამში 7.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წილი – 5.7 მლრდ აშშ დოლარი, სამთავრობო სექტორის ვალზე მოდის. რაც შეეხება კერძო სექტორს, როგორც საბანკო, ასევე სხვა სექტორების ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი, 2020 წლის 31 მარტის მონაცემებით ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60%-ია და 10.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მთლიანი საგარეო ვალის გარდა, პირველ კვარტალში 5.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა ეროვნული ბანკის საგარეო ვალი. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის შემცირება საკურსო და ოპერაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია.