მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა 25,4 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2020 წლის მაისის მონაცემების მიხედვით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წინა თვესთან შედარებით 25,4 მილიონი ლარით შემცირდა და 34,18 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წლის მაისის განმავლობაში 48,59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტთა დაკრედიტების მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ თუ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0,2%-ით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში 0.02%-ით მეტი სესხი გაიცა. პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41,86% შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0.05%-ით არის შემცირებული.

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა კი პირიქით, წინა თვესთან შედარებით 2,31%-ით გაიზარდა და 28,22 მლრდ ლარი შეადგინა.  კლიენტის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 3,92%-ით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი ზოგადად უფრო მაღალია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.

დეპოზიტების ლარიზაცია 1,57%-ითაა გაზრდილი, რაც შესაძლოა წლიური  საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მოცულობით იყოს გამოწვეული. ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 9,53% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2,93%.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ფინანსური დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი შეინიშნება, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ლარის კურსის ცვლილებები შეიძლება დასახელდეს. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84,34%-ია, ხოლო ევროს წილი კი 14,33%-ს უტოლდება. რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა თუ რა პრობლემებს უქმნის ფინანსური დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.