საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.25%-მდე მცირდება. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და საბაზრო განაკვეთებისთვის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა. ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირებას გეგმავს, რათა 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაციამ მიზნობრივ დონეს მიაღწიოს. 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.
ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა. პანდემიის პირობებში შეზღუდვების შედეგად, ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯები გაიზარდა, თუმცა აღნიშნულს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა ინფლაციაზე. განსხვავებით საგარეო და შიდა მოთხოვნის შესუსტებისა, რომლის გავლენაც ინფლაციის მაჩვენებელზე შედარებით დიდხანს გასტანს.
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურმა ვარდნამ საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31%-ით შემცირდა, ხოლო 97%-იანი კლება შეინიშნა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში. 34%-ით შემცირდა მაისში იმპორტი.
განაკვეთის 25%-იანი შემცირების მიუხედავად ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. მოსალოდნელია, რომ ფისკალური სტიმული, მათ შორის იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.