ეროვნულმა ბანკმა მომავალი სამი წლის სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა

საქართველოს ეროვნული ბანკი მანდატის უფრო ეფექტურად შესასრულებლად, მომდევნო სამწლიან საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს ყოველწლიურად გამოაქვეყნებს.

Photo Credits to NBG

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, საზედამხედველო სტრატეგიის ყოველწლიურად გამოქვეყნება ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის პროგნოზირების ზრდას. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სტრატეგიულ პრიორიტეტებზე, მის შესასრულებლად საჭირო ვადებსა და საქმიანობის შესახებ.

ყოველწლიურად განახლებული დოკუმენტის გამოქვეყნება არ გულისხმობს პრიორიტეტების შესწორებას, შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ სამოქმედო გეგმა და მისი ვადები.

2020-2022 წლების მთავარი პრიორიტეტებია:

  • საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
  • მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება;
  • დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
  • ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება.

ეროვნულმა ბანკმა დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა, თუმცა COVID19-ის გავრცელების გამო მისი გადახედვა და ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ინვესტორების, სარეიტინგო კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ყველა დაინტერესებული  პირისა თუ მხარისთვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.