სებ-მა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს.

სებ-ის ცნობით, პანდემიის გავლენით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა და საქართველოს ფინანსური სტაბილურობის რისკებიც გაზრდილია.

,,მსოფლიო მასშტაბით COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, კერძოდ კი ისეთმა გარემოებებმა, როგორებიცაა მნიშვნელოვნად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ფინანსური ნაკადების შემოდინების კლება, განვითარებად ქვეყნებში გაზრდილი რისკის პრემია და, ასევე, პანდემიის გავრცელებასა და მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, საქართველოს ეკონომიკის საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის რეალიზება გამოიწვია. შესაბამისად, გაზრდილია ფინანსური სტაბილურობის რისკებიც’’, – აღნიშნულია ანგარიშში.

სებ-ის ცნობით, პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა ღონისძიებებმა, შინამეურნეობებისა და არაფინანსური კომპანიების მოწყვლადობა გაზარდა, რაც ფინანსურ სექტორზეც უარყოფითად აისახა.

,,COVID-19 პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა ღონისძიებებმა შინამეურნეობების სექტორის ფინანსური მდგომარეობის მოწყვლადობა გაზარდა. პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავლების კლება გამოიწვია. აღნიშნულმა კი შინამეურნეობებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომელშიც  ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკებია შეფასებული. მასში ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკის ასპექტებზეა გამახვილებული.