ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგადასახდელო ბალანსის 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ საგადასამხდელო ბალანსი სისტემური სახით ასახავს დროის განსაზღვრულ პერიოდში მოცემულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ტრანზაქციებს.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337,1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დადებითი კომპონენტები მომსახურებითი ვაჭრობა და მიმდინარე ტრანსფერებია, ხოლო მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში უარყოფითი წვლილი საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს შეაქვს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 3,9%-დან 9,4%-მდე, ხოლო უარყოფითი სალდო წლიურად 97,3%-ით გაიზარდა.
2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობაა. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო წლიურად 39,8 პროცენტით შემცირდა (530,1 მლნ აშშ დოლარი), ამასთან ერთად კი შემცირდა როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე იმპორტი, შესაბამისად 23,4 და 30,3 პროცენტული პუნქტით.
აღსანიშნავია, რომ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო მომსახურებით ვაჭრობის დადებითმა სალდომ ნაწილობრივ გადაფარა. ამ პერიოდში მომსახურების ექსპორტი წლიურად 77,7%-ით, ხოლო იმპორტი 58,0%-ით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი მეტწილად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლებმა განაპირობა, რომლის ექსპორტი წლიურად 96,7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებით კომპონენტს – მიმდინარე ტრანსფერებს, კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1,4%-ით შემცირდა, ხოლო სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 6,0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა კვარტალური მშპ-ს 4,2%, ანუ 148,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.