ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი“ შეიმუშავა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება.  ავთენტიფიკაცია არის პროცესი, რომლის შემდგომაც მომხმარებელს ეძლევა წვდომის უფლება საკუთარ ანგარიშზე ან სრულდება გადახდის ოპერაცია. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ამ ახალი  წესის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლების დაცული ავთენტიფიკაცია. ასევე, შეამციროს თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკი  რაც, თავის მხრივ, მომხმარებლების ნდობას საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ აამაღლებს.

Photo Credits to NBG

მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი კომერციულ ბანკებზე, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ვრცელდება. წესი განსაზღვრავს სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებელმა დისტანციური მომსახურების დროს უნდა დაიცვას, განსაკუთრებით კი ისეთი ქმედებების განხორციელებისას, რომლებიც თაღლითობის ან სხვაგვარი უკანონობის მაღალი რისკის მატარებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ორი ან მეტი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტების გამოყენებით: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია, მაგალითად მომხმარებლის ბიომეტრული მონაცემები).

დებულება განსაზღვრავს ისეთი ოპერაციების ტიპებსაც, რომლის დროსაც საჭირო არ იქნება ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა. ასეთებია: საბარათე უკონტაქტო გადახდები 100 ლარამდე, მცირეთანხიანი და სხვა დაბალრისკიანი ოპერაციები.

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი“ ასევე მოიცავს პროვაიდერების მხრიდან მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც მათ დაეხმარებათ არაავტორიზებული და თაღლითური გადახდის ოპერაციების იდენტიფიცირებაში.