საქართველოს ეროვნული ბანკი – ივლისში ინფლაციამ 5,7% შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ივნისთან შედარებით კი ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა. ამის მიზეზი სეზონური ფაქტორების გამო ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის გაიაფებაა.

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია სურსათის წლიური ინფლაცია, რომელმაც ივლისში 11.4% შეადგინა. ივლისის საერთო ინფლაციის მაჩვენებლიდან 3.0 პპ სურსათზე მოდის. აქედან მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე – 1.1 პპ.

ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე ბენზინის 24,8 პროცენტით გაიაფებამ იმოქმედა, რითაც მაჩვენებელი  0.9 პპ-ით შემცირდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სურსათის, ენერგომატარებლისა და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5,8%-მდე მოიკლო.

ფასებმა ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე წლიური მაჩვენებლის მიხედვით იმატა, შესაბამისად, 6.8, 5.5, და 10.2 პროცენტით. ივლისში წინა თვესთან შედარებით საშუალო მოხმარების საქონელზე 2.0%-ით, ხოლო ხანმოკლეზე 0.5%-ით შემცირდა. ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე 0.2 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება, მომსახურების ფასებს, ივლისის მაჩვენებელი არ შეცვლილა, წლიური მონაცემით კი 2.9 პროცენტით გაძვირდა.