საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის და მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს რეალური მშპ 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და საერთო ჯამში 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო რაც შეეხება ინფლაციას, 2018 წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2019 წლისთვის 4.9 პროცენტი შეადგინა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ საქონლის იმპორტის წლიურმა ცვლილებამ წინა წელთან შედარებით 0.4%, ხოლო საქონლის ექსპორტის წლიურმა ცვლილებამ 13% შეადგინა.

რაც შეეხება საფინანსო სექტორის მიმოხილვას, მთლიანი სესხები წინა წელთან შედარებით 2019 წელს 20%-ით გაიზარდა და 31.9 მლრდ ლარი შეადგინა. 2020 წლის ივნისის თვის მონაცემებით კი სესხებში ყველაზე დიდი წილი 25.7% ვაჭრობას, შემდგომ კი იპოთეკურ სესხებს უკავია (21.9%). რაც შეეხება კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებს (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე), 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 14.0%-იანი ცვლილება ფიქსირდება და 26.2 მლრდ ლარს შეადგენს. 2020 წლის ივნისის მდგომარეობით კი დეპოზიტების სტრუქტურაში რეზიდენტი ფიზიკური პირების ვადიან დეპოზიტებს უცხოური ვალუტით 19.4%,ხოლო არარეზიდენტების დეპოზიტებს 15.6 პროცენტი უკავია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოველთვიურად ანალიტიკური ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესება და ფართო საზოგადოებისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება.