NATO: მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
COVID-19-ის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, კონფერენცია პირველად ონლაინ სივრცეში ჩატარდა.

იენს სტოლტენბერგმა სამძიმარი გამოუცხადა კორონა ვირუსისგან გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. ასევე, ისაუბრა იმ ზომებზე, რასაც NATO იღებს იმისთვის, რომ შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკები. მან აღნიშნა, რომ ალიანსის საქმიანობა გრძელდება.

„ჩვენი ძალები სრულ მზადყოფნაშია და ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს ჩვენი მისიები ავღანეთიდან დაწყებული კოსოვოს ჩათვლით.“

სტოლტენბერგმა საქართველო მოიხსენია, როგორც ნატოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორი და ქართველი სამხედროების მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილ უმნიშვნელოვანეს წვლილზე  ყურადღება გაამახვილა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმების განხორციელების პროცესს.

2019 წლის ნატოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რითაც ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.