საქართველო NATO-ს სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს

საქართველოს მთავრობამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO) დახმარებისთვის მიმართა. კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრისთვის (EADRCC) გაგზავნილ დოკუმენტში მოთხოვნილია მატერიალური აღჭურვილობა თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისათვის.

წერილში მოთხოვნათა სია სამ კატეგორიადაა დაყოფილი და მას თან ერთვის გამოყენების მიზანი და რაოდენობა.

პირველი ,,აღჭურვილობა და ჰიგიენაა’’, რომელშიც საველე პირობებისთვის საჭირო ჩამონათვალს ვხვდებით – 20 ადამიანისთვის განკუთვნილი 100 საველე კარავი, 100 საველე სასადილოს აღჭურვა, 100 საველე სამედიცინო პუნქტის აღჭურვილობა, 2,500 საველე საწოლი, 100 პირსაბანი, 100 გენერატორი, 600 გამათბობელი, 300 ცეცხლმაქრი, 100 მაცივარი, 100 ელექტროჩაიდანი, 200 ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, 500 დეზინფექტანტის დისპენსერი, 200 ელექტროთერმომეტრი, 200 ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი.

შემდეგი კი გზების გადაკეტვისათვის გამოსაყენებელი აღჭურვილობაა. 1,200 პლასტმასის ბლოკი, 200 ამკრძალავი ნიშანი, 200 ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი, 400 პროჟექტორი, 100 მეგაფონი, 100  20-მეტრიანი მავთულხლართი.

მესამე კატეგორიაში ,,სწრაფად მოხმარებადი ნივთებია’’ – 20,500 ერთჯერადი ბიოკომბინიზონი, 26,000 რესპირატორი N95, 190,000 დამცავი ნიღაბი, 4 სადეზინფექციო კარავი, 4 წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო კარვისათვის, 1,000 სადეზინფექციო სპრეი, 20 ცეცხლგამძლე კარავი, 290 ინფრაწითელი თერმომეტრი, 23,000 დამცავი ხელთათმანი, 500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 2,000 სათვალე/სახის დამცავი ფარი, 5,000 დამცავი ეკიპირება, 50 ელექტროსპრეი.

შეგახსენებთ, ჩეხეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც “ნატოს” დახმარებით ჩინეთიდან 100 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. უკრაინული კომპანია „ანტონოვ ეარლაინსის“ კუთვნილმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა AN-124 24-25 აღნიშნული რეისი 24-25 მარტს შეასრულა. მას შემდგომ, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, სამედიცინო დახმარება უკვე გადაეცა სლოვაკეთს, ჩინეთსა და რუმინეთს.