ნათია თხილაიშვილი “ვითიბის“ საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორად დაინიშნა

ნათია თხილაიშვილი „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორად დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ვალერიან გაბუნია მიმდინარე წლის 3 იანვარს შეცვალა. უნდა ითქვას, რომ „ვითიბის“ დირექტორთა საბჭოში, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება, ნათია ერთადერთი ქალია.

 

„მინდა მივულოცო ნათიას „ვითიბი ბანკის“ გუნდის წევრობა და წარმატება ვუსურვო თავის მომავალ საქმიანობაში. 2022 წელს, ახალი სტრატეგიით და განახლებული ხედვით ვხვდებით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. მიხარია, რომ ნათია ამ პროცესის ნაწილი გახდება თავისი ღირებული ცოდნით და გამოცდილებით.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ვალერიან გაბუნიას 14 წლის განმავლობაში ჩვენი ბანკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა „ვითიბის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

ნათია თხილაიშვილმა „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“ მუშაობა 2021 წელს, გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დაიწყო. მანამდე ის „პროკრედიტ ბანკის“ გუნდის წევრი იყო, სადაც 2007-2011 წლებში ფილიალის მმართველისა და რეგიონული მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ნათია 2012-2016 წლებში „პროკრედიტ ბაკ ჯორჯიას“ თანამშრომელთა შერჩევისა და ადამიანური რესურსების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 2017-2021 წლებში კი დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. აღნიშნულ პოზიციაზე თხილაიშვილი „პროკრედიტ ბანკ მოლდოვასა“ და „პროკრედიტ ბანკ ბოსნიაშიც“ იყო წარმოდგენილი.

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო ბიზნესის განვითარების ახალ დირექტორს განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მან ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი 2004 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ ნათია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე „პროკრედიტ აკადემიაში“ საბანკო საქმისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობდა. მან აკადემიაში სწავლა 2012 წელს დაასრულა.