„ნასას“ სათაო ოფისის შენობას პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ინჟინრის სახელს უწოდებენ

„ნასას“ სათაო ოფისის შენობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს, კოსმოსური სააგენტოს პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ინჟინრის, მერი ჯექსონის სახელს უწოდებენ, – ამის შესახებ „ნასას“ ხელმძღვანელმა, ჯიმ ბრაიდენშტაინმა განაცხადა.

Photo Credits to NASA Langley Research Center

მერი ჯექსონი 1921 წელს, ვირჯინიის ქალაქ ჰემპტონში დაიბადა. 1951 წელს მან „აერონავტიკის ეროვნულ კომიტეტში“ დაიწყო მუშაობა, ორგანიზაციაში, რომელსაც 1958 წელს „ნასა“ დაერქვა. თავდაპირველად ჯექსონი სეგრეგირებულ დანაყოფში მუშაობდა, ხოლო შემდგომ, „ნასას“ პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ინჟინერი გახდა.

„მერი ჯექსონი ქალებით დაკომპლექტებული იმ ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში მოხვედრა განაპირობა. მერი არასდროს სჯერდებოდა სტატუს-ქვოს, მისი ძალისხმევით დაინგრა ბარიერები, რომლებიც აფრო-ამერიკელებსა და ქალებს ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროში მოხვედრას ხელს უშლიდა“, – ამბობს ჯიმ ბრაიდენსტაინი.

„დიდი პატივია, რომ „ნასა“ ჩვენი დედისა და ბებიის მემკვიდრეობას პატივს მიაგებს. ის მეცნიერი, ჰუმანისტი, მეუღლე, დედა და ნოვატორი იყო, რომელმაც კონკრეტულად „ნასაში“ და ზოგადად ამ ქვეყანაში ათასობით ადამიანს გზა გაუკაფა“ – განაცხადა მერი ჯექსონის ქალიშვილმა, კეროლინ ლიუისმა.