“ნასას” მკვლევრები იუპიტერის მთვარე „ევროპაზე“ სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე ალაპარაკდნენ

photo – NASA

“ნასას” მკვლევრები იუპიტერის მთვარე „ევროპაზე“ არსებულ მიწისქვეშა ოკეანეში შესაძლო სიცოცხლის არსებობაზე ალაპარაკდნენ. საზოგადოებას უახლესი კვლევის შედეგები გოლდშმიტის გეოქიმიის ვირტუალურ კონფერენციაზე გააცნეს. პრეზენტაციისას მათ წარადგინეს ახალი მოდელი, რომელიც „ევროპის“ შიდა ოკეანისა და ფარული ფენების აგებულებას ხსნის.

მათი თქმით, მთვარე “ევროპას” ყინულოვან ქერქში არსებული წყლის ფორმირების მიზეზი, შესაძლოა, ზღვის მიქცევ-მოქცევასთან დაკავშირებული ძალები ან რადიოაქტიური ნგრევები გამხდარიყო, რომლებმაც წყლის შემცველი მინერალები დაშალეს.

NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე მკვლევრებმა, მოჰიტ მელვანი დასვინის ხელმძღვანელობითა და მისია „გალილეოს“ შედეგად მიღებული მონაცემებით, შეძლეს შეექმნათ “ევროპის“ ახალი გეოქიმიური მოდელი.

აღნიშნული მოდელის დახმარებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „ევროპაზე“ არსებული ოკეანე არც ისეთი მჟავური ყოფილა, როგორც ეს აქამდე ეგონათ. ასევე, კალციუმის, ნახშირორჟანგისა და სულფატის მაღალი შემცველობის გამო, ფიქრობდნენ, რომ ოკეანე გოგირდოვანი წარმონაქმნი იყო. ბოლოდროინდელმა კვლევამ მკვლევართა ეს ვარაუდები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ისინი, ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ ოკეანე „ევროპა“ საკმაოდ მდიდარია ქლორიდით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწაზე არსებულ ოკეანეებთან მსგავსება საკმაოდ დიდია. ამრიგად, ასეთ გარემოში სიცოცხლის არსებობა საკმაოდ რეალისტურია.

მკვლევრები აცხადებენ, რომ „ევროპა“ დედამიწის გარეთ სიცოცხლის აღმოჩენის ერთერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის NASA-ს მისიას, გაგზავნოს კოსმოსური ზონდი Europa Clipper „ევროპის“ შესასწავლად და მასზე სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად.

ამასთანავე, მსგავსი ოკეანის არსებობის ეჭვი იუპიტერის კიდევ ერთ მთვარეზე, „განიმედეზე“ და სატურნის მთვარე „ტიტანზე“ არსებობს.

კვლევის პრეზენტაცია გოლდშმიდტის გეოქიმიის ვირტუალურ კონფერენციაზე 24 ივნისს შედგა.