NASA-ს ხომალდმა ასტეროიდიდან ქვის ნიმუშების მოპოვება შეძლო

[File: NASA/Goddard/Arizona State University / AFP]

NASA-ს კოსმოსური ზონდი OSIRIS REx ასტეროიდ Bennu-ს ზედაპირს მიუახლოვდა და ქვის მასალები შეაგროვა. ასტეროიდი დედამიწიდან 321 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და, მეცნიერების მტკიცებით, მისი ასაკი 4.5 მილიარდ წელს აღემატება. კოსმოსური სააგენტოსათვის ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მათ იაპონელების შემდეგ პირველად შეძლეს ასტეროიდის ნიმუშების მოპოვება.

კოსმოსურმა ზონდმა სასურველი მიზნის მისაღწევად 16 წამიანი მანევრი შეასრულა. ზონდი ასტეროიდს შესაბამის მანძილზე მიუახლოვდა და სპეციალურმა დანადგარმა მისი ზედაპირიდან ქვის ნიმუშების აღება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 16 წამიანი მანევრის შესასრულებლად მისია 12 წლის განმავლობაში ემზადებოდა. მეცნიერებს მინიმუმ 60 გრამი ნიმუში სჭირდებათ კვლევებისა და ანალიზების ჩასატარებლად. კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო მისიების ხელმძღვანელმა, თომას ცურბუკენმა, განაცხადა, რომ აღნიშნულ ნიმუშს შეუძლია მზის სისტემის ისტორიის შესახებ ახალი ცნობების მოწოდება.
კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე 2023 წლისთვის დაბრუნდება. ამის შემდეგ, კი შესაძლებელი იქნება მასზე სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარება. ასტეროიდი Bennu-ს მთავარ სამიზნედ არჩევა მისმა ისტორიამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც იგი წარსულში უფრო დიდი ასტეროიდის ნაწილი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ასტეროიდის ორბიტიდან დაკვირვების შემდეგ კოსმოსურმა სააგენტომ დაადგინა, რომ მისი მასის დაახლოებით 10% წყალია, შესაბამისად, იგი კველევებისათვის განსაკუთრებით გამოსადეგი იქნებოდა.

წყარო: aljazeera