NASA და NOKIA მთვარეზე 4G ქსელს განათავსებენ

ქსელური კავშირის განსავითარებლად NASA-მ NOKIA-ს 14,1 მილიონი აშშ დოლარი გადასცა. აღნიშნული თანხა იმ გრანტის ნაწილია, რომელიც კოსმოსის კვლევის განვითარებისთვის გამოიყო. გრანტი 370 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. NASA-ს თქმით, ეს იქნება „პირველი 4G/LTE კომუნიკაციის სისტემა კოსმოსში“.

მთვარეზე არსებულ რადიო-კომუნიკაციის სტანდარტებთან შედარებით, 4G ქსელი უფრო საიმედო კავშირის დამყარების შესაძლებლობას იძლევა. საბოლოო ჯამში, იგი 5G ქსელამდე განვითარდება ისევე, როგორც ეს დედამიწაზე მოხდა. კოსმოსის რადიაციასთან, ექსტრემალურ ტემპერატურასა და ვაკუუმთან ადაპტაციისთვის, ქსელი საგანგებოდ იქნება შემუშავებული.

NOKIA-ს ბელის ლაბორატორიის (NOKIA Bell Labs) განცხადებით, უსადენო ქსელს ასტრონავტები მონაცემების გადაცემის, მთვარის როვერების გაკონტროლების, რეალურ დროში ნავიგაციისთვისა (მაგალითისათვის, Google Maps-ის გამოყენებით) და მაღალი ხარისხის ვიდეო გადაღებისთვის გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ მთვარეზე 4G ქსელის განთავსება NASA-ს დიდი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, მთვარეზე 2028 წელს კვლევითი ბაზა უნდა განთავსდეს.