პოლონეთის მინისტრთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა, პიოტრ გლინსკიმ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე, კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის Gloria Artis-ის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.
„ჩემთვის დიდი პატივია პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკისგან „Zasłużony Kulturze Gloria Artis“-ის ჯილდოს მიღება ქართულ-პოლონურ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი მოკრძალებული წვლილისთვის.
გულახდილად რომ გითხრათ, მოგზაურობა პოლონეთთან ერთად 12 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მე არ ვყოფილვარ მარტო, გვერდით მყავდნენ კოლეგები, რომლებმაც უპირობო დახმარება გამიწიეს სხვადასხვა კულტურული ინსტიტუტიდან, შემოქმედებითი ინდუსტრიიდან, კვლევითი ცენტრებიდან/აკადემიებიდან, ასევე საქართველოში პოლონეთის საელჩოდან და თბილისში პოლონეთის ინსტიტუტიდან. ჩვენ ერთად განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გასაძლიერებლად. ამიტომ, ყველას გიზიარებთ ამ ჯილდოს ჩემო უძვირფასესო პოლონელო მეგობრებო.
პირველ ყოვლისა, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ დაჯილდოების ინიციატორი იყო, ვინც ჩემ მიმართ ამხელა ნდობა და რწმენა გამოიჩინა, რაც ჩემთვის მუდმივი ენერგიის მომცემი იყო“, – განაცხადა ნანა შარიქაძემ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
Gloria Artis-ის ჯილდო პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენია, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ნანა შარიქაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა.