მარი ნაკანი 2000-იანებთან ერთად გამოჩნდა და მოიყოლა შთამბეჭდავი სარეკლამო ბანერები, რომლებიც ქალაქს თვალის დახამხამებაში მოედო. ავტორს კარგად არ იცნობდნენ, მაგრამ მისი ხელწერა მალე გახდა იოლად საცნობი.
არც ფოტოაპარატი ჰქონდა, არც სამხატვრო აკადემიაში სწავლის ფული, მაგრამ ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო, რადგან უახლოესი ადამიანისგან დატოვებულმა სიტყვებმა მას ადგილი სწორედ ფოტოგრაფიაში მოუნიშნა.
ეს სიტყვები გახდა ორიენტირი.
თავიდანვე ფოტოგრაფია გინდოდათ?
ვფიქრობდი ქანდაკების ფაკულტეტზე ჩამებარებინა, ბაბუას ვკითხე აზრი. მან მითხრა, შენ ისე კარგად ხატავ და წერ, მე მგონი ფოტოგრაფია გამოგივაო. ბაბუა ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი იყო. ძალიან ბევრს მოგზაურობდა, იღებდა უამრავ ფოტოს. სახლში ფოტოლაბორატორიაც კი გვქონდა. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურას ასწავლიდა და ლექციებზე პროექტორით უშვებდა ხოლმე მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებს. 80-იანი წლების იაპონია, ამერიკა, ევროპა, აფრიკა ჰქონდა მოვლილი. ბებიაც არქიტექტორი იყო, ძირითადად ერთად მოგზაურობდნენ, ჩამოჰქონდათ ჟურნალები არქიტექტურაზე, ინტერიერზე, მოდაზე. მე მათი გაზრდილი ვარ. ბაბუა კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და ერთად ვათვალიერებდით ამ ჟურნალებს.
ტონი სულ მიყვებოდა ერთ ამბავს: ტოკიოში ფიზკულტურის გაკვეთილს დაესწრო, სადაც სამ ბავშვს სინქრონულად, ხელგაყრილებს ახტუნავებდნენ სალტოებით. ბაბუა მეუბნებოდა, მიკვირდა სამს ერთად რატომ აკეთებინებდნენ სალტოს, რომელიც ისედაც რთულიაო. როცა იაპონელი მასწავლებლისთვის ამის მიზეზი უკითხავს, მას უპასუხია, ადამიანი ცხოვრებაში მარტო არ არის, ნაბიჯს რომ დგამ, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, რომ აქედანაც ადამიანი გიდგას და იქიდანაც. ამიტომ მინდა მოსწავლეები ბავშვობიდან მივაჩვიო ემპათიას, მხარდაჭერას და ერთ გუნდად რაღაცის კეთებასო. სალტოს გუნდურად კეთებით ბავშვი სხეულით იმახსოვრებს, რომ ბალანსში ყოველთვის გასათვალისწინებელია სხვაც, ეჩვევა არ დააზიანოს, დაეხმაროს, სინქრონში იყოს, ასე იზრდება ჩვენთან საზოგადოებაო.
90-იანებში ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ბაბუა ყოველთვის პოულობდა შემოქმედებით გამოსავალს. დილით დგებოდა, რომ ჩემთვის ბუტერბროდები გაეკეთებინა. კარაქისა და პურის გარდა არაფერი გვქონდა, მაგრამ ამ ბუტერბროდებზე ტონი დანის წვერით მიხატავდა ნახატებს – ყვავილებს, პორტრეტებს, ზღვას, რომელიც ნანახი არ მქონდა. გამზარდა ძალიან დიდ სიყვარულში. ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე უამრავი ბავშვი გვესტუმრა, სინათლე ჩაქრა. ტონიმ მაშინვე მოიფიქრა, დამალობანა ვითამაშოთო და ფარნით დავიწყეთ ერთმანეთის ძებნა. ისეთი დაუვიწყარი გასართობი აღმოჩნდა, შუქი რომ მოვიდა, გვეწყინა.
თქვენი პირველი ნაბიჯები რა იყო ფოტოგრაფიაში?
ფოტოგრაფიის სწავლა რომ გადავწყვიტე, არც აპარატი მქონდა, არც სწავლის ფული. ტონიმ მიმიყვანა გურამ წიბახაშვილთან. მან მითხრა, ნამუშევრები მომიტანე და იმის მიხედვით შეგაფასებო. მე კი არაფერი მქონდა გადაღებული. ტონი შემპირდა, რამეს ვიზამო. გერმანელების დელეგაციის ჩამოსვლა იგეგმებოდა, მათ სურვილი ჰქონდათ ბაბუას დაეპროექტებინა მტკვარზე სამსართულიანი ხიდი, რომელიც რუსთაველის გამზირს უზნაძის ქუჩასთან შეაერთებდა. ბაბუას უკვე გაკეთებული ჰქონდა ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ ქვეშ სამსართულიანი კომპლექსი – ანდერგრაუნდის პირველი პრეცედენტი საქართველოში. ამ გამოცდილებით დაუკვეთეს გერმანელებმა მას ხიდი. ფოტოაპარატსა და კომპიუტერს გიყიდი და ჩააბარეო, მითხრა. ამას რომ მელაპარაკებოდა, ინფარქტმა დაარტყა და ხელებში ჩამაკვდა. ეს სიტყვები დამიტოვა: აპარატს გიყიდიო.
ალბათ ხვდებით, რად იქცა ფოტოგრაფია ჩემთვის – ის აღმოჩნდა ბაბუაჩემის ანდერძი, დაპირება, დანატოვარი. ჩავაბარე აკადემიაში, თუმცა ფოტოაპარატი არ მქონდა და პირველი გადაღებისთვის აპარატი გურამ წიბახაშვილმა მათხოვა. 2003 წლის ნოემბერი იყო, რევოლუციის დღეები.
მივდივარ ამ აპარატით ხელში, ცხოვრებაში ფოტოაპარატი არ მჭერია, არც გადაღება ვიცი. ვხედავ რუსთაველზე ჩოჩქოლია, ბარიკადები, ავტობუსები… ბოშა ქალი მორბის ბავშვით ხელში. მომიტინგეებს გულშემატკივრობის ნიშნად მაღლა აწეული ხელით ანიშნებდა, მიდით, მიდითო! მასში უცებ დავინახე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდოდა ქვეყანა წინ წასულიყო და გადავიღე ეს ქალი. მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, რევოლუციაში, რომელმაც არჩევანი არ დამიტოვა – ამბავი რამენაირად უნდა მომეყოლა, ამ დროს ლექციაც კი არ მქონდა მოსმენილი როგორ უნდა გადაიღო. თვითმხილველის როლში ვიყავი და ვიღებდი იმას, რასაც ვგრძნობდი.
ღამე წავედით ფოტოლაბორატორიაში. ამიხსნეს როგორ უნდა გამემჟღავნებინა ფირი. დიდხანს არ გამომდიოდა, რთული ლაბორატორიული ქიმიაა, ყველა წავიდა, მე შუაღამემდე შემოვრჩი. ბნელოდა, ციოდა და საბოლოდ თეთრ ქაღალდზე გამოჩნდა ბოშა ქალის პორტრეტი. ეს იყო ჩემთვის გამარჯვება! და რატომ, იცით? მივხვდი, რომ თვითონ ვიყავი ის ქალი, ჩემი ავტოპორტრეტი იყო, ბავშვით ხელში. ერთი წლის შვილი მყავდა, ვიყავი მარტოხელა დედა, რომელმაც ამ ფოტოთი დაიწყო ცხოვრება.
გარკვეული პერიოდი ნათხოვარი აპარატით ვიღებდი. ინტერნეტკაფეებში დავდიოდი, რადგან არც საკუთარი კომპიუტერი მქონდა. ერთხელაც ინტერნეტკაფეში ფოტოგრაფის ვაკანსიას გადავაწყდი: ICR Group-ი აცხადებდა, რომელიც „ბატას“, „ბამბინოს“, „ახალ ნათებას“ და სხვა მაღაზიებს აერთიანებდა. ითხოვდნენ, თქვენი პორტფოლიო მოიტანეთო. წავედი მეორადებში და 15 ლარად დიდი საკვოიაჟი ვიყიდე. მერე გურამ წიბახაშვილთან მივიტანე, ნახე, რა კარგი პორტფელი ვიყიდე, მოეწონებათ-მეთქი? რა არის ესო? აპარატის ჩასადები-მეთქი. პორტფოლიო მეგონა პორტფელი, გაგონილიც არ მქონდა ეს სიტყვა. გურამს გაეცინა და მითხრა, რამდენიმე ფოტო უნდა გადაიღო და ისინი მიიტანოო. რეკლამის ჟანრი თბილისში საერთოდ არ არსებობდა. იღებდნენ დოკუმენტურ ფოტოებს: ქუჩას, სევდას, წვიმას, ძაღლს…
„ბატას“ იტალიიდან ჩამოტანილი რეკლამები ჰქონდა: ადამიანები, რომლებსაც თავზე ფეხსაცმელები ეწყოთ. ბაზარზე ქართული რეკლამა არ იყო. ICR Group-ში გასაუბრება გავიარე, მითხრეს ახლა Bata-ს რეკლამა გადაიღე, ოღონდ ფეხსაცმლის კოლექციები ჯერ არ გვაქვსო. ვუთხარი, ერთი კვირა მომეცით, მოგიტანთ ფოტოებს – მეთქი. წერეთელზე, გამოფენაზე მივედი და ავეჯის მაღაზიის მეპატრონეებს ვთხოვე, სტუდია არ მაქვს, გთხოვთ, ჩემს მეგობრებს მოვიყვან, რაღაცას გადავიღებ, სტუდენტი ვარ და მინდა ჩემი სწავლა დავაფინანსო-მეთქი. სრულიად უცნობმა ქალებმა შემიშვეს. ამის შემდეგ ლეილა მესხის კორტებზე მივედი და გადაღების ნებართვა ვთხოვე. არ ვიცნობდი, მაგრამ მაშინვე დამთანხმდა. მივიყვანე ჩემი ორი მეგობარი და გადავიღე როგორ წვანან ფეხშიშველები მინდორზე. ტექსტიც თვითონ მოვიფიქრე: „ჩამაცვი“.
იტალიაში ICR-ს უთხრეს, ეს რა მაგარი ფოტოგრაფი გიშოვიათ, რაღა ჩვენ გამოგიგზავნოთ იტალიური რეკლამები, გაუშვით ეგ რეკლამაო. ეს იყო პირველი ექსპერიმენტი ქართულ ბაზარზე, პირველი რეკლამა, რომელიც საქართველოში ავტობუსებზე დაიბეჭდა. გურამ წიბახაშვილი სიხარულისგან გადაირია.
ამის შემდეგ „ბამბინომაც“ დამიკვეთა რეკლამა, ოღონდ ბავშვის ტანსაცმლის კოლექცია არ გვაქვსო. ჩემი შვილი და ჩემი დეიდაშვილის შვილი ავიყვანე ჩემივე სახლის სახურავზე, აგვისტო იყო, ფეხები რომ არ გასცხელებოდათ, დავაყენე მუყაოზე. მხოლოდ ტრუსები ეცვათ და ფოტოს თავზე ეწერა: ჩამაცვი „ბამბინო.“ ICR-მა სპეციალურად შეიძინეს კედელი, სადაც დიდი ბანერი აეწყო: ჩემი გადაღებული „ბამბინოს“ რეკლამა.
ამ ამბიდან მალევე წავედი ლაშქრობაში, სადაც ერთი ჭორფლიანი ქალი იყო. ჭორფლები მიყვარს, გადავუღე ფოტო და გავუგზავნე. ეს ქალი, მაკა, აღმოჩნდა „მაგთის“ დიზაინერი, რომელმაც მითხრა, იქნებ მოხვიდე, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოო. ოღონდ სახლში მოდი ჩემთან, რემონტი მაქვს და მუშას ვერ მივატოვებო. მივედი და მითხრა, ახალი პროდუქტი, „ბალი“გვინდა ჩავუშვათ და ახალგაზრდებში გავაპიაროთო.
ვზივარ აივანზე. მუშა ლესავს. ძალიან ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა. მაკას ვუთხარი, ჩადი და მაღაზიაში თუ არის, ბალი ამოიტანე-მეთქი. გადაირია, ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვიყავით, სცენარიც არ გვქონდა დაწერილი. ამოიტანა, ამ ბიჭს ყურზე დავკიდე ბალი და გადავუღე ფოტო. მეორე დღეს არქივის შენობაზე უკვე დიდი ბანერი ეკიდა.
როგორ ფიქრობთ, გიმართლებდათ?
ალბათ. მაშინ ყველაფერს ინტუიციურად ვაკეთებდი. რადგან ტონიმ მითხრა, შენ გამოხვალ მაგარი ფოტოგრაფიო და მერე გურამ წიბახაშვილმა მითხრა, ფოტოგრაფობა თუ გინდა, აბა, გადაიღეო, რადგან ICR-მა, „მაგთიმ“ ამიყვანეს, დავიჯერე, რომ ფოტოგრაფი ვარ და გავხდი ფოტოგრაფი.
თავდაჯერებული იყავით?
ჩემი თავის მაგარი გულშემატკივარი ვიყავი: მიდი, მარი, მიდი, მარი! იმიტომ, რომ ბავშვი მყავდა, იმიტომ, რომ მჭირდებოდა სახსრები, იმიტომ, რომ ფოტოაპარატი არ მქონდა, ძალიან მინდოდა სწავლა და ჩემი სწავლა მე უნდა დამეფინანსებინა. კომფორტის ზონაში საერთოდ არ ვიყავი, გამოსავალი უნდა მეპოვა. ბავშვი თან დამყავდა გადაღებებზე, ჰონორარები მოვაგროვე და ასე დავაფინანსე ჩემი სწავლა სამხატვრო აკადემიაში ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე.
ბევრი მოგცათ ამ ფაკულტეტმა?
ძალიან ბევრი მომცა, დიდი აკადემიური ცოდნა. ფოტოგრაფიის გარდა, ვსწავლობდით ფილოსოფიას, სოციოლოგიას, კინემატოგრაფიას, დრამატურგიას, ხელოვნების ისტორიას.
ძირითადად რეკლამებზე მუშაობდით?
ბაზარზე ნელ-ნელა შემოვედი როგორც კომერციის ფოტოგრაფი. გავაგრძელე „მაგთისთვის“ მუშაობა. მერე ბრიტანეთის საბჭოში რეჟისორმა სალომე ჯაშმა ამიყვანა ფოტოგრაფად. ძალიან საინტერესო დავალებებს მაძლევდა. იმ პერიოდმა ბევრი მომცა. ქალაქში იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა ჩემი ბანერები. მერე ეკა ხოფერიამ ამიყვანა ჟურნალ „სითისთვის.“
როდის გახსენით საკუთარი სტუდია?
ბოკეზე, ფოტოგრაფების ფორუმზე, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე გიორგი მამასახლისი და ცოტა ხანში ერთად გავაკეთეთ ნაკანი-მამასახლისის ფოტოსტუდია. გიორგი მანამდე დამდგმელ ოპერატორად მუშაობდა ტელევიზიაში. მამამისმა, სანდრო მამასახლისმა, მთელ ამიერკავკასიაში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტი გახსნა და ასევე პირველი იყო, ვინც ამიერკავკასიაში დისერტაცია დაწერა ფოტოგრაფიაზე. თაობები გაზარდა. მას უზარმაზარი არქივი აქვს დატოვებული.
პროფესიისგან ხშირად მიგიღიათ დასტური, რომ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ?
შემთხვევით გადავაწყდი ბაბუაჩემის ლითონის ჩემოდანს, რომელიც მოგზაურობის დროს გადაღებული ფირებით აღმოჩნდა სავსე. მე და გიორგის ფირის სკანერი გვქონდა. პირველივე ფოტო, რაც დავასკანერეთ, იცით, რა იყო? როგორ აკეთებს სამი მოზარდი სინქრონულ სალტოს იაპონიაში. ფოტო, რომელიც ნანახი არ მქონდა და რომელზეც ტონი სულ მიყვებოდა. ეს იყო გზავნილი: გააგრძელე, გააგრძელე!
მერე ისე მოხდა, რომ ჩემმა მეგობარმა ნიკა გუჯეჯიანმა სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი გადაღებული ფოტოები ჩუმად გააგზავნა ბიჰენსის კონკურსზე, რომელიც არის არტისტების ნომერ პირველი, საერთაშორისო დონის პლატფორმა. უცებ ნიკა მირეკავს, მარი, მე მგონი შენ იგებ და კინოთეატრ „ამირანში“ მოდიო. გავიმარჯვე და GIPA-მ მაჩუქა სწავლის ასპროცენტიანი დაფინანსება ნებისმიერ კურსზე, რომელსაც მოვინდომებდი. ავირჩიე ბრენდინგი და რეკლამის ფსიქოლოგია, არაჩვეულებრივი კურსი იყო. დიპლომი ისე საინტერესოდ გავაკეთე, GIPA-მ ლექტორობა შემომთავაზა. ლექტორობის ძალიან მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლების გამოცდილება მქონდა. 11 წელია იქ მასწავლებელი ვარ. ლექტორობისას ეს გამოცდილება დამეხმარა: მივხვდი, რომ ახალგაზრდების გახსნა, ფრთაშესხმა გამომდიოდა. მერე წლის საუკეთესო ლექტორად დამასახელეს. ეს დიდი მოტივაცია იყო და მაშინ გამიჩნდა საკუთარი ფოტოსკოლის გაკეთების იდეა.
დავნერგე ორსაფეხურიანი სწავლება. მეორე საფეხური მათთვის იყო, ვისაც მარტო ფოტოგრაფობა კი არა, კრეატივში უნდოდა წასვლა, ვთქვათ, ქოფირაითერად, სცენარისტად ან დრამატურგად. ვაწყობდით უამრავ გამოფენას. მერე პანდემია დაიწყო. გადავედით ონლაინ სწავლებაზე და სტუდია ისე ამუშავდა, ემიგრანტებზე გავედი. არადა იქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ შეიძლება ასწავლო ონლაინ. ისევ და ისევ გამოუვალმა სიტუაციამ მომაფიქრებინა ონლაინ ფოტოსკოლის სილაბუსი და მეთოდოლოგია. მოსწავლეები შემოგვემატა ამერიკიდან, ევროპიდან. ხალხს ხანდახან უფასო ღია გაკვეთილებს ვჩუქნიდი, დავიწყე ინსტაგრამზე ლაივსტრიმების ჩატარება ფოტოგრაფიაზე. მერე ნელ-ნელა შეიქმნა პოდკასტები მარი ნაკანთან ერთად. ვიწვევდი სტუმრებს სხვადასხვა სფეროდან. ხალხს იმდენად უჭირდა ფსიქოლოგიურად, მთხოვდნენ ფსიქოლოგები მიმეწვია. მათთან ერთად მუშაობით, ინტერვიუებით, პოდკასტებით, როგორც ჩანს, ტრანსლირება მოვახდინე, დღეს ბევრი უკვე მოტივატორად აღმიქვამს. გავიარე სემინარები, ტრენინგები, ახლა ჩემი დავალებები სტუდიაში უფრო არტთერაპიული გახდა. არამარტო ფოტოგრაფიას ვასწავლი, ვასწავლი იმასაც, როგორ შეიძლება ამა თუ იმ დავალებით თავდაჯერებულობა აიმაღლო. სამი წელია ონლაინ ვასწავლით, ახლა ხალხს გარეთ გამოსვლა მოუნდა, ამიტომ ფოტოსტუდიაზე ვფიქრობ. ამისთვის სივრცე მჭირდება.
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს პროფესიაში?
აუცილებლად სჭირდება ამ პროფესიას გუნდურობა, შენი აზროვნების, შენი ღირებულებების ადამიანების კომუნა, რათა გაცვალოთ იდეები, იმუშაოთ კოლაბორაციულად, ტარდებოდეს გამოფენები.
საქართველოში რამდენად განვითარებულია ეს სფერო?
„ქოლგა“, „თბილისი ფოტოფესტივალი“ ძალიან კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ფოტოგალერეა, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ერთობლივ გამოფენებში, გაიყიდება მათი ფოტოები და ა. შ.
ფოტოინდუსტრია არაა მაღალ დონეზე, არაა ბევრი ჟურნალი, ბევრი გამოფენა არ ტარდება.
რა არის სტუდენტების ძირითადი მოტივაცია?
იმუშაონ რესტორნებისთვის, სალონებისთვის, ღონისძიებებისთვის, ქორწილებისთვის, ინსტაგრამისთვის…
ყველაზე მეტად რაზე გიყვართ მუშაობა?
პორტრეტებზე.
რა გიზიდავთ, რა გხიბლავთ, რა გიყვართ ადამიანში?
მისი შინაგანი სამყარო, რომელიც უნდა იგრძნობოდეს, როცა იღებ პორტრეტს. ამისთვის ჯერ უნდა გაიცნო, უნდა გახსნა ადამიანი.
შესაძლებელია ფოტოგრაფია ისწავლო როგორც ნებისმიერი სხვა ხელობა?
შესაძლებელია. გააჩნია მასწავლებელს და გააჩნია რას გასწავლის ის. მე კინოთი ვასწავლი. კინო გაძლევს საშუალებას იგრძნო ნარატივი, შინაარსი, ამბავი, სიუჟეტი.
რა გიყვართ ფოტოების გადაღების გარდა?
ფსიქოლოგია. მინდა ჩავაბარო არტ თერაპიაზე და გავაკეთო ფოტოთერაპიები.
რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?
ფოტოსკოლის და გალერეის გაკეთება მინდა.
შთაგონებას რა გაძლევთ?
მუსიკა და კინო. ასევე ადამიანები, რადგან ფოტოგრაფია ჩემთვის დიალოგია.
შეიცვალეთ?
კი, რაც ფსიქოლოგიამ და არტ თერაპიამ დამაინტერესა, მივხვდი, რომ ადამიანს უკიდეგანო შინაგანი სამყარო აქვს, თუ საკუთარ თავზე ფოკუსირდება. მივხვდი, რომ მთავარი ფოკუსი მაინც შენ შიგნით უნდა იყოს.
რა არის თქვენი ყველაზე გამოხატული თვისებები?
ანთება შემიძლია და გაბედვა. გამბედაობა მყოფნის ხოლმე, რომ ექსპერიმენტები ვატარო და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება მიყვარს.
ქალების მხარეს ხართ?
მე ვიყავი გაეროს კეთილი ნების ელჩი რამდენიმე წლის განმავლობაში, გავაკეთე სხვადასხვა პროექტი, მათ შორის „არა ნაადრევ ქორწინებას“, რომელიც სოციალური ფოტოპროექტი იყო. ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობა გბორკავს, დრო აღარ გაქვს, რომ ისწავლო. ცოდნაში ვეღარ დებ შენს დროს, რესურსს. ვისურვებდი ქართველმა გოგოებმა ჯერ ისწავლონ, გაეცნონ მსოფლიოს, იმოგზაურონ, იპოვონ თავიანთი თავი, ჰქონდეთ ფინანსები და მერე დაოჯახდნენ, როცა ფრთები უკვე გაშლილი ექნებათ.
თქვენი ხანგრძლივი ქორწინება რაზე დგას?
ალბათ ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდეთ, რომ გემი წავიდეს.
რა არის ის, რასაც წლების განმავლობაში არ გაუჩნდა კითხვის ნიშანი?
გაბედო იქამდე, სანამ გექნება გარანტიები.
ხშირად ტირით?
ბოლო დროს აღარ. ფსიქოლოგია დამეხმარა, რომ გამოვსულიყავი, მაგალითად, მსხვერპლის როლიდან. ახლა თუ მოწყენილი ვარ, ვიცი, რომ ეს მოწყენილობა ერთ-ერთი ფარია ემოციების იმ პალიტრიდან, რომელიც მჭირდება.
რა გშველით კრიზისების დროს?
ამ მდგომარეობაში დარჩენა და ჩაძირვა ბოლომდე, ფსკერამდე. ეს გეხმარება, რომ შენს თავს მოუსმინო, ჩაუღრმავდე.
გაქცევის ცდუნება ხშირად გაქვთ?
კი, ჩვენი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ გავრბივართ, არადა როცა გარბიხარ, იქ პასუხები არ არის. პასუხები არის პაუზაში, სიჩუმეში.
რას შეეგუეთ?
იმას, რომ არასდროს არავინ არ მოვა, არ დაგიკაკუნებს, არ გეტყვის, რომ ეს უნდა გააკეთო. შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, აირჩიო იყო ბედნიერი.
როგორი დედა ხართ?
გავიზარდე როგორც დედა. ძალიან ბევრი ვისწავლე, რომ კარგად გამეზარდა ბავშვები. 20 და 15 წლის გოგოები მყავს. მათი მეგობარი ვარ, მეც უნდა დავიცვა მათი საზღვრები და მათაც – ჩემი. პატივისცემაზე უნდა იდგეს ეს მეგობრობა და ამ პროცესში მთავარი დიალოგია. არ მინდა მათი პიროვნება შევზღუდო.
სიყვარული რა არის თქვენთვის?
სიყვარულია, როცა საუკეთესოს უსურვებ და ცდილობ თავზე კი არ მოახვიო შენი გრძნობა, არამედ მისცე სივრცე, რომ გამოხატოს თავისი სურვილები და არ დაკარგოს საკუთარი თავი შენს გვერდით. არ უნდა გადააკეთო საყვარელი ადამიანი. გავლენა არ უნდა იყოს სიყვარულში.
ხშირად გეშინოდათ?
კი და რამდენჯერაც შიში გადავლახე, გავიზარდე. შიშის დროს ისე მოქმედებ, როგორც მებრძოლი და როცა კომფორტში ხარ, არ იბრძვი.