საქართველო არ ცნობს მთიან ყარაბაღში გამართულ არჩევნებს

Photo Credits to Aybaniz Ismayilova / Twitter

მთიან ყარაბაღში 31 მარტს ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 14 საპრეზიდენტო კანტიდატი, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის – 12 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. მათი ნაწილი არჩევნების გადადებას მოითხოვდა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

არჩევნების დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა თითქმის 73% გამოცხადდა. ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ოთხშაბათს.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  და თავისი მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა ევროკავშირიც – 31 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. ”საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს“ და ამასთან, მზად არის აქტიურად დაუჭიროს მხარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროულ და მშვიდობიან მოგვარებას.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. 1988 წელს დაწყებული ომი 1994 წელს ზავით დასრულდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. კონფლიქტის შედეგად დაღუპულია 30 ათას ადამიანზე მეტი.