“პირველად იყო ფორმულა კრეატივი, როდესაც ჯერ კიდევ 14 წლის წინ, უნივერსიტეტში ჩაბარების პარალელურად მოვხვდი ამ ადგილას და დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. თავიდან ოპერატორობა მინდოდა, მერე კი ისე გამიტაცა ტელევიზიის შიდა სამზარეულომ, რომ ეს ყველაფერი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ნელ–ნელა კი მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები და მათთან ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ვარ აქ და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს” – ნათია ნადირაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
რა აქვს განსაკუთრებული თქვენს პროფესიას?
საზოგადოებასთან ურთიერთობა თანამედროვე სამყაროს შეუცვლელი პროფესიაა. ადამიანებთან ურთიერთობა ხელოვნებაა, თან ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რთულ თავგადასავალში მოგზაურობა, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო და საჭირო გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა.
როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა?
ალბათ ჩვეულებრივი – როგორც ყველა იმ ქალის, ვინც ცდილობს რომ საოჯახო და სამსახურის გამოწვევებს თანაბრად გაუმკლავდეს. ეს რთულია, რადგან ხშირად ყოველდღიური რუტინა არ ითვალისწინებს ჩვენს ემოციურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას, დღის მანძილზე უნდა გამართო შეხვედრები, აწარმოო მოლაპარაკებები და ყველაფერი, რაც დაგეგმე – ეცადო მიიყვანო ბოლომდე.
ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ვუსმენდეთ ადამიანებს – ჩვენს თანამშრომლებს, გარშემომყოფებს, ყველას, ვისთანაც გვაქვს შეხება, რადგან ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ერთ რამეს ვნატრობ – ბევრი დრო მქონდეს ფიქრისთვის, რადგან ეს ყველაზე მეტად მჭირდება. ფიქრის პროცესი გეგმის წერაში გადადის, შემდეგ კი უკვე იმაზე ვკონცენტრირდები თუ რამდენად ეფექტურად შემიძლია განვახორციელო ჩემი ჩანაფიქრი.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც მიზნად დავისახე ხარისხიანად და სრულყოფილად შესრულდეს. სტრატეგია ნამდივლად საჭიროა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სწრაფად გაკეთებული საქმეები გამოდის ყველაზე კარგი და შედეგიანი.
რა გაძლევთ მოტივაციას თქვენი საქმის კეთებისას?
თუ საქმე მოტივაციას ეხება, მაშინ პასუხიც ინდივიდუალურია – ვისთვის რა არის მოტივატორი, განსხვავებულია. ჩემთვის ეს წარმატებით დასრულებული საქმეა. ყველა მოლაპარაკება, რომელიც შედგა და რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა, ჩემთვის სტიმულის მომცემია.
არის შემთხვევები, როდესაც ვხვდები, რომ რაღაც არ გამომდის, ასეთ დროს ვჩერდები. დაუღალავი მცდელობები ენერგიას მაცლის; გაჩერება მირჩევნია; არ ვიბრძვი ხოლმე ბოლომდე მივიყვანო ის, რაც არ გამომდის, ხარისხიანად შესრულებული პატარა დავალება მირჩევნია, ნახევრად და უხარისხოდ შესრულებულ დიდ გეგმას.
რა სირთულეები და წინააღმდეგობები გვხვდება თქვენს საქმიანობაში?
საზოგადოებასთან ურთიერთბაში ბევრი სხვადასხვა სეგმენტი იყრის თავს, სირთულეც შესაბამისად ბევრია. მაგალითად, ხშირად კომპანიის დამფუძლებლებს ბოლომდე არ სჯერათ საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერების. ან პირიქით – ჩვენ ყოვლისშემძლე ჯადოქრები ვგონივართ. მოხარული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ არის, თუმცა პრობლემა ნამდვილად შესამჩნევია.
სინამდვილეში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ხოლო კომპანიის წარმატებას და დიდ შემოსავალს, შესაბამისად, ბევრი დრო, ნებისყოფა, შრომა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები სჭირდება.
რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?
რუსთავი 2 კვლავ იყოს ბაზარზე მედია ტრენდების გამნსაზღვრელი.
დღესდღეობით რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები?
ქალებს დღეს ძალიან ბევრი რამის აღება გვიწევს საკუთარ თავზე.
პასუხისმგებლობა ჩვენი თავების წინაშე, ოჯახის წინაშე და საზოგადოების წინაშე; გვინდა და ვცდილობთ ყველგან თანაბრად ვიყოთ რეალიზებულები და წარმატებულები.
გამოვყოფდი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს მივანიჭებდი ქალების ჯანმრთელობის საკითხს. ქალებმა აუცილებალდ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას, ყველგან – სადამდეც შეგვიძლია, რადგან დღეს, ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ისევ ფემიციდია – ქალებს კლავენ იმიტომ რომ ქალები არიან.
პრობლემა ისევ მძაფრია, მოცემულობა სასტიკი; სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ჩართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი; ეს სიბოროტე უნდა შევაჩეროთ.
როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?
ერთმანეთი ერთმანეთით უნდა გავაძლიეროთ.
და თუ დახმარება და თანადგომა არ შეგვიძლია, არ გავაქილიკოთ მაინც.
მოტივაციის მიცემა ზოგჯერ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ამიტომ საჭიროა რომ ვილაპარაკოთ, საჭიროა რომ ვიცოდეთ – ჩვენ ეს შეგვიძლია.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვაჯერებენ, რომ რაღაც არ შეგვიძლია და რაღაც არ გამოგვივა. სამწუხაროდ ესაა რეალობა. ჩვენ კი ბევრჯერ და ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ – ქალებს შეუძლებელი შეგვიძლია.
რაშია ქალების ძალა?
ერთდროულად ძალიან ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული საქმის თანაბრად, ხარისხიანად კეთება რომ შეგვიძლია, სწორედ მაგაში.
რა რჩევებს მისცემდით გოგონებს?
იბრძოლონ საკუთარი თავებისთვის. საკუთარი მიზნებისთვის და საკუთარი ცხოვრება არ დაანებონ არავის. მიჰყევით თქვენს ოცნებებს, გჯეროდეთ თქვენი თავის და შესაძლებლობების.
რაც შეეხება კარიერას, რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს, აქ მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია.
აკეთეთ სიყვარულით და ძალიან ხარისხიანად.