თამარ ნადირაძის სოლო გამოფენა და გალერეა 4710

წყალი, როგორც დაკვირვების ობიექტი და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხელოვანმა თამარ ნადირაძემ სხვადასხვა მედიუმში სხვადასხვა სიუჟეტით აჩვენა. მისი სოლო გამოფენის „სადაც მივდივარ წყალი მომყვება“ დათვალიერება თანამედროვე ხელოვნების გალერეაში 4710 26 თებერვლიდან 28 მარტამდეა შესაძლებელი.

თამარ ნადირაძე დაიბადა გორში. ის საკმაოდ დიდი ინტერესით აკვირდება ისეთ თემებს, როგორებიცაა, თანამედროვე სოციალური ცხოვრება, ხელოვნების ახალი ფორმები. თამარი ძირითადად დაინტერესებულია ისეთი თემებით როგორიცაა დიალოგი სოციალურ ცხოვრებასა და ანთროპოლოგიის, მითოლოგიის, ფსიქოლოგიის სფეროებს შორის, ასევე მისთვის გამორჩეული თემაა გენდერი.

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

ხელოვანი საკუთარი ნაშრომების მთავარ იდეად წყალს აქცევს და დამთვალიერებელს ამით სხვადასხვა ასოციაციას უქმნის. შეიძლება, წყალი აღიქვა, როგორც ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ასევე, წყალი შეიძლება ჩაითვალოს დასაწყისის, დასასრულისა და ცხოვრების თანამეგზურად, და ა.შ. ამით ხელოვანი ადამიანებს აძლევს საშუალებას სხვადასხვა ასპექტში წარმოიდგინონ როგორც საკუთარი თავი, ასევე ნამუშევრებიც.

თამარს ადრეც ჰქონდა გამოფენა და ის თითქოს ყოველ ახალ ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევას უწყობს საკუთარ თავს, რომელსაც საკმაოდ წარმატებითაც ასრულებს. წელს ხელოვანმა პირველად სცადა ისეთ მედიუმებში მუშაობა, როგორიცაა თიხა და ნაქარგი.

თავად გალერეა 4710 ოთხი თვე თანამშრომლობდა ხელოვანთან და ეს იმ ერთ-ერთი წარმატებული პროექტთაგანია, რომელსაც გალერეა ხშირად აწყობს. ისინი ხშირად ექსკლუზიურადაც მასპინძლობენ სოლო გამოფენებს.

სხვადასხვა მიზნებითა და ახალი დეკადის გეგმებით, გალერეის წარმომადგენელი და ხელოვანი თამარ ნადირაძე Forbes Woman Georgia-ს საკუთარ გეგმებს გააცნობენ.

თამარ ნადირაძე

ხელოვანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, წიგნის ილუსტრაციის სპეციალობით, შემდეგ იყო თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური მაგისტრატურის კურსი. მუშაობდა წიგნის ხელოვნების ცენტრში. თამარი მონაწილეობას იღებდა სახელოვნებო რეზიდენციებში, საზღვარგარეთ. რამდენიმე წელია, რაც აქტიურად მუშაობს ფერწერის მიმართულებით, ფიქრობს, რომ ეს თვითგამოხატვის მისეული საშუალება.

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

თამარ, თქვენი აზრით, რა გამოგარჩევთ სხვა ხელოვანებისგან?

ალბათ, მედიუმი. მედიუმი, რაშიც ვმუშაობ და ჩემი საკუთარი ვიზუალური ესთეტიკა გამომარჩევს. 

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

ჩემი ინსპირაციის წყარო ის გარემოა, სადაც ვცხოვრობ, თუმცა ინსპირაციაზე უფრო   მნიშვნელოვანი ხელოვანისთვის გამუდმებით მუშაობა და ცნობისმოყვარეობაა, ასევე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ხელოვანი  ყოველთვის მგრძნობიარე იყოს გარემოსთან კავშირში, მოვლენების აღქმაში. შემდეგ მოდის ინსპირაცია, რომელიც კონკრეტული იდეებისკენ გიბიძგებს.

რატომ გახდა წყალი თქვენი ნამუშევრების მთავარი იდეა?

ზოგადად, ჩემს შემოქმედებაში წყალს დიდი ადგილი უჭირავს. წინა გამოფენა, რომელიც მიუნხენში ჩატარდა, თინათინ ღუღუნიშვილის კურატორობით, იყო დაკავშირებული არგონავტების მითთან და კონკრეტულად მედეასა და იასონის პერსონაჟებთან, ემიგრაციასთან. ამ გამოფენაში წყალი ჩემთვის ისევ კვლევის და დაკვირვების ობიექტია, თუმცა უფრო აბსტრაქტულად, გადააზრებული მაქვს წყალი, როგორც დასაწყისი, დასასრული ან თუნდაც ცხოვრების გზა და შესაბამისად, სიუჟეტებშიც სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ამ გამოფენაზე წყალი ჩემი სამეტყველო ენაა, წყლის საღებავებთან ერთად.

როგორი გამოცდილება იყო ახალ მედიუმებზე მუშაობააპირებთ მომავალშიც ამგვარი ექსპერიმენტების მოწყობას?

ამ გამოფენისთვის მქონდა მცდელობები მემუშავა თიხასა და ნაქარგზე, ასევე გავაკეთე ფურცელზე ამომწვარი ნამუშევრები. მინდოდა ნახატის ვიზუალურ ინფორმაციასთან ერთად სამუშაო მედიუმს მიეცა ნამუშევრებისთვის დამატებით დატვირთვა. ვფიქრობ, თიხაზე მუშაობას გავაგრძელებ, ასევე მაინტერესებს სხვა მედიების მოსინჯვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გამოფენისთვის ვიმუშავე მეორე, დიდი ზომის ფერწერაზეც.

რა არის გამოფენის მთავარი აზრი?

გამოფენის მთავარი მიზანი იყო გადმომეცა რეალური ისტორიები, რომელიც გამოხატავს ადამიანის, როგორც ინდივიდის ცხოვრების გზაზე მოძრაობას, ცვლილებას.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ხელოვანებს?

ხელოვანებისთვის ერთადერთი რჩევა მაქვს, ეს არის საკუთარი თავის რწმენა. ვფიქრობ, სხვა ხელოვანის გამოცდილება შეიძლება მათ შემოქმედებით გზას არ მოერგოს. ამიტომ მეტს არაფერს დავამატებ. 

რა გეგმებით იწყებთ ახალ დეკადას?

ხატვას აქტიურად გავაგრძელებ. ასევე, ძალიან მიხარია, რომ გავხდი გალერეის 4710 ხელოვანი და მათთან ერთად ვიმუშავებ რამდენიმე ახალ პროექტზე.

რა განსხვავებული გამოწვევები შექმნა ხელოვანებისთვის პანდემიამ და როგორ უმკლავდებით მათ?

სამწუხაროდ, პანდემიამ   ძალიან ბევრი სირთულე გამოიწვია, კონკრეტულად ამ გამოფენაზე მუშაობაც დროში გაიწელა, რადგან დიდ პრობლემას ქმნიდა ეკონომიკური კრიზისი, ტრანსპორტის გაჩერება, სამხატვრო მასალებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. იმედია, ამ კუთხით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და კრიზისიდან მალე გამოვალთ, და გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

4710

4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებთან მუშაობს. გალერეა 2019 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა და ის ნინი დარჩიამ და ანა გაბელაიამ დააფუძნეს. ამ დროიდან მოყოლებული, გალერეამ 6 გამოფენას უმასპინძლა. 4710-ის მიზანია თანამედროვე ხელოვნება უფრო პოპულარული და მასობრივი გახადოს, აუდიტორიას ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები გააცნოს. ამასთან, დააინტერესოს ის ადამიანებიც, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია დღევანდელ გამოწვევებზე ხელოვნებაში.

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

ახალ დეკადას 4710 ახალი გეგმებით იწყებს. პირველ რიგში, მიმდინარე გამოფენით – თამარ ნადირაძის სოლო შოუ „სადაც მივდივარ, წყალი მომყვება“ 2021 წლიდან გალერეა იწყებს ხელოვანებთან გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც გულისხმობს, რომ წელს, 4710-ში, ბევრი საინტერესო გამოფენა გელოდებათ.

ნინის და ანის უნდათ, მეტი დრო დაუთმონ თავიანთ ახალ წამოწყებას, „ARTISCOOL“ კამპანიას, რომლის მიზანიც თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. კამპანიის ფარგლებში პირველი ღია კონკურსი უკვე დასრულდა. კამპანია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ კომპანია, თავისი წვლილი შეიტანოს ამ სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს პროექტის, გამოფენის თუ ნამუშევრის დაფინანსებას.

გალერეის კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა „#გახდიკოლექციონერი“, სადაც ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს საშუალება აქვთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ იმ ხელოვანების ნამუშევრები, რომლებთანაც 4710 თანამშრომლობს.

პანდემიამ ხელოვნების სფერო ძალიან დააზარალა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც კულტურის სფეროს დასახმარებლად სახელმწიფოს არანაირი პროგრამა არ შეუმუშავებია. გალერეა თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მათი გეგმები. პანდემიის პერიოდში გალეა ცდილობდა ონლაინ რეჟიმში მაინც შეენარჩუნებინა კავშირი აუდიტორიასთან – რამდენიმე ონლაინ პროექტიც განახორციელეს. თუმცა, ხელოვნება მაინც მოითხოვს ნამუშევრებთან უშუალო კონტაქტს, ამიტომაც, გალერეის დამფუძნებლებს კიდევ უფრო უხარიათ ახალი გამოფენით დაბრუნება.